ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევის შესახებ დოკუმენტზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის პრესსამსახურზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტ ასლან ბჟანიას „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია“, - აცხადებენ ასლან ბჟანიას „პრესსამსახურში“.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ასლან ბჟანია სოფელ ტამიშში იმყოფება, სადაც შეხვედრას გამართავს, რომელზედაც „ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას“ განიხილავს.
ე.წ. ოპოზიციამ მოსახლეობას ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით დღეს „პარლამენტთან“ შეკრებისკენ მოუწოდა.