როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ დავარდეს.
„ეს რეჟიმი სულ უფრო და უფრო მძიმდება. ჩვენ ვხვდებით, რომ არჩევნების გაყალბება არ არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს. ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყნისთვის, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და „რუსულ კანონს“ არ იღებენ, არ დევნიან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადამიანებს შეხედულებების გამო და არ სცემენ მათ სპეცრაზმის მეშვეობით. ფაქტია, ყოველდღიურად ჩვენ ბევრ რაიმეს გავიგებთ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ილია ღლონტმა.
როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე აცხადებს, ავტორიტარიზმი რამდენიმე დღეში არ სრულდება.
„გეგმას აქვს სამი შემადგენელი ასპექტი. პირველი ეს არის არჩევნების საერთაშორისო არ აღიარება, მეორე პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის შესვლა და ეს არის უფლებამოსილების ცნობის დღე, რომ საზოგადოებამ ამ პროცესს შეუშალოს ხელი, რომ „ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ აღმოჩნდეს იმ დარბაზში. ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა დამოუკიდებლობის დაკარგვას გულისხმობს",- განაცხადა ლევან სანიკიძემ.