გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. გამოცემა „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ განხილვის თემა უკრაინაში არსებული სამხედრო და ჰუმანიტარული ვითარება იყო. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ურყევი და უცვლელი სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც თითქმის 1000 დღეა გრძელდება. მან უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.