სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი 170 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა. ამავე ცნობით, სურსათის უვნებლობის სფეროში დარღვევის მაჩვენებელმა 2,9% შეადგინა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5854 ინსპექტირება ჩაატარა, მათ შორის, 2347 გეგმური და არაგეგმური, 3507 გადამოწმება; ზედამხედველობა განხორციელდა 128 ბიზნესოპერატორთან; დოკუმენტურად შემოწმდა 1657. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 170 ბიზნესოპერატორს, რაც დარღვევის საერთო მაჩვენებლის 2,9%-ს შეადგენს.- ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა ისეთი შეუსაბამობები, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოება-გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის, ტემპერატურული რეჟიმისა და რეალიზაციის ვადების დარღვევა, ასევე კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, კონდენსატის დაგროვება.
აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე. შემოწმდა სასურსათო მაღაზიები და მარკეტები, აგრარული ბაზრები, სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები.