მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში ახალ სამშენებლო პროექტებში გაყიდვების 23%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 8%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ „ქოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 865 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, „ქოლიერსის“ კვლევის თანახმად, ბაზრის ზომა 22%-ით, 274 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ამავე კვლევიდან ჩანს, რომ ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა გარეუბანში, ქალაქის ცენტრში კი 1%-ით. რაც შეეხება ფართო ცენტრს, მაჩვენებელი 1%-ით, კვ.მ.-ზე 1 073 დოლარამდე შემცირდა.
2024 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 9%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 14% და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.