* მონაკოს პრინცი ალბერ II გრიმალდი -
მონაკოს მმართველი პრინც ალბერ მეორე, რომელმაც მეცენატობით, მექალთანეობით, უმცირესობათა უფლებათა დაცვითა და სპორტის განსაკუთრებული სიყვარულით გაითქვა სახელი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ქარიზმატული მმართველია არა მხოლოდ ევროპელ, არამედ მსოფლიო მონარქებს შორის.
* * *
მონაკოს სამთავრო - ლიგურიის ზღვის ნაპირზე, სულ რაღაც 2 ათას კვადრატულ კილომეტრზე გაშლილი ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც მილიარდერებისთვის, არისტოკრატებისა და ცნობილი პერსონებისთვის იქცა სამოთხედ. სწორედ ულამაზესი პეიზაჟებით მდიდარ მიწიერ სამოთხეში, გრიმალდის უძველესი გვარის მე-13 თავადის რენიე მესამისა და ჰოლივუდის ვარსკვლავის გრეის კელის ოჯახში დაიბადა 1958 წლის 14 მარტს მონაკოს მომავალი მმართველი, მემკვიდრე პრინცი და ვალენტინუას ჰერცოგი, რომელმაც ალბერ ალექსანდრ ლუი პიერ გრიმალდის სახელი შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ 8-საუკუნოვანი მმართველობის პერიოდში ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა და ყველაზე გავლენიანმა დინასტიამ გამარჯვებაც ბევრჯერ მოიპოვა და მარცხიც მრავალჯერ იწვნია. მეტიც, გასული საუკუნის დასაწყისში გვარს სამუდამოდ გაქრობაც კი დაემუქრა, თუმცა გრიმალდებმა პოზიციები არ დათმეს და არა მხოლოდ ძველი დიდებულება დაიბრუნეს, არამედ ერთი-ორად გაძლიერდნენ.
* * *
მართალია, ალბერს ყველაფრით უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდა, რადგან ზაფხულს ევროპაში, ოჯახთან ერთად იახტით მოგზაურობაში ატარებდა, ზამთარში კი, შვეიცარიის საუკეთესო სათხილამურო კურორტებს სტუმრობდა და ყველა პრივილეგიით სარგებლობდა, მაგრამ მისი უფროსი დის - კაროლინას განცხადებით, მშობლები ყოველთვის უცხო იყვნენ ბავშვებისთვის, რადგან დროის დიდ ნაწილს მოგზაურობაში, ოფიციალურ და არაოფიციალურ საერთაშორისო ვიზიტებში ატარებდნენ, ერთადერთ ახლობელ ადამიანად კი ძიძას - მორინ ვუდს თვლიდნენ, რომელიც გულწრფელად უყვარდათ და საშინლად განიცდიდნენ არდადეგებზე მასთან განშორებას.
* * *
ალბარტს ბავშვობიდან იტაცებდა სპორტის სხვადასხვა სახეობა ცურვის, ფეხბურთისა და ხელბურთის ჩათვლით. მეტიც, მომავალმა მმართველმა შავი ქამარიც კი მოიპოვა ძიუდოში. 1988 წლიდან სპორტით გატაცება ალბერისთვის ერთგვარ პროფესიადაც იქცა, რადგან ხუთჯერ იქნა მიწვეული ბობსლეის ეროვნულ ნაკრებში. მართალია, სპორტის ამ სახებაში პრინცმა განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ სწორედ სპორტის წყალობით აღმოჩნდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.
* * *
1976 წელს, ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ალბერმა სახელმწიფოს მართვისა და უმაღლესი მეთაურის მოვალეობათა შესრულების სპეციალური კურსი გაიარა, რადგან ნათელი გახდა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ის გადაიბარებდა მის მოვალეობას.
არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ალბრისთვის უმაღლესი განათლების მიღება. 1981 წელს გრიმალდიმ ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატში დაამთავრა ამჰერსტის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით და ძირითად სპეციალობასთან ერთად ბრწყინვალე ცოდნა შეიძინა ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ფილოსოფიისა და ეკონომიკის დარგებში. ამასთანავე, პოლიგლოტი პრინცი სრულყოფილად ფლობს ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.
ამერიკაში სწავლის დასრულების შემდეგ ალბერი სამშობლოში დაბრუნდა, ეროვნულ გვარდიას შეუერთდა და წარმატებით გაიარა სამხედრო სამსახური ლეიტენანტის რანგში. მოგვიანებით კი, სწორედ ჯარში შეძენილი გამოცდილების წყალობით მიიღო ვერტმფრენის პილოტის ლიცენზია.
* * *
მართალია, ერთი შეხედვით გრიმალდების წყვილი იდეალური და ბედნიერი მეუღლეების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მაგრამ სინამდვილეში რენიე მესამესა და გრეის კელის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. უთანხმოების მთავარი მიზეზი განსხვავებული ტემპერამენტი აღმოჩნდა, რადგან რენიე მშვიდ, მეტწილად კარჩაკეტილი ცხოვრების წესს იყო მიჩვეული, მაშინ როცა კელის, რომელსაც სწორედ ქორწინების გამო მოუხდა წარმატებულ კინოკარიერაზე უარის თქმა, პუბლიკის ყურადღება სჭირდებოდა.
ამბობენ, თითქოს ჰოლივუდის ვარსკვლავს ხშირად საკუთარი შვილებიც აღიზიანებდნენ. მეტიც, არსებობს ვერსია, თითქოს 1982 წლის 13 სექტემბრის საბედისწერო ავტოკატასტროფის მიზეზი სწორედ უმცროს ქალიშვილთან - სტეფანიასთან კამათი გახდა, როცა კელიმ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მართვა დაკარგა, გზიდან გადავიდა და კლდეზე გადაიჩეხა. საბედნიეროდ, სტეფანიამ მძიმე ტრავმების გარეშე დააღწია თავი ავარიას, გრეისი კი, მართალია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
როგორც მოგვიანებით ალბერი იხსენებდა, დედის გარდაცვალება მთელი ოჯახისთვის ტრაგედიად იქცა, თუმცა ყველაზე მძიმედ მეუღლის დაკარგვა რენიემ განიცადა, რომლისთვისაც გრეისის დაღუპვით თითქოს დრო გაჩერდა.
* * *
დედის გარდაცვალების შემდეგ, 1983-1985 წლებში ალბერმა ფინანსური მენეჯმენტის, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის პრაქტიკულად შესწავლა გადაწყვიტა და ჯერ ამერიკის, მერე ევროპის წამყვან კომპანიებში გაიარა სტაჟირება. ამასთანავე, 1985 წელს ავტომოყვარულმა პრინცმა დაკარის ცნობილ რალიში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ვერ შეძლო ფინიშის ხაზის გადაკვეთა, რადგან ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის გამო მე-9 ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას.
* * *
28 წლის ასაკში ალბერი ეტაპობრივად შეუდგა სახელმწიფო საქმეების გაცნობას. გრიმალდის, როგორც მემკვიდრე პრინცს ფინანსური საკითხების მართვა, უცხოური დელეგაციების მასპინძლობა, სხვადასხვა ფორუმებსა და კონფერენციებზე, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღონისძიებებზე ქვეყნის წარდგენა დაევალა. მანვე ჩაიბარა რიგი ჰუმანიტარული ორგანიზაციების ხელმძღვანელობა მონაკოს წითელი ჯვრის ფილიალის ჩათვლით, თუმცა პრინცმა არა იმდენად საკუთარი საქმიანობით, რამდენადაც სასიყვარულო ინტრიგებითა და მრავალფეროვანი რომანებით გაითქვა სახელი.
* * *
1992 წელს ამერიკელ ოფიციანტთან ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ ალბერს ქალიშვილი ჟასმინ გრეისი შეეძინა, 1997 წელს კი, შავკანიანი ბორტგამცილებელი ნიკოლ კოსტი გაიცნო, ვისთანაც რამდენიმეწლიანი რომანის შემდეგ, 2003 წელს ვაჟიშვილი ერიკ-ალექსანდრე ეყოლა. ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ ალბერმა ოფიციალურად აღიარა შვილები. მართალია, პრინცი ფინანსურად ეხმარება და აქტიურად მონაწილეობს შვილების ცხოვრებაში, მაგრამ მისი მემკვიდრე და წარჩინებული გვარის გამგრძელებელი მაინც ვერცერთი ვერ გახდება.
1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ნაგანოში, როცა პრინცი სხვა სპორტსმენებთან ერთად ცხოვრობდა ოლიმპიურ სოფელში, ალბერმა ფიგურული სრიალის რუსი ვარსკვლავი ოქსანა გრიშჩუკი გაიცნო და არა უბრალოდ რომანი, არამედ სერიოზული ურთიერთობა გააბა. წყვილმა ჯერ რომანტიკული კრუიზი მოაწყო ბილ გიტსის ორსართულიანი იახტით, მერე კი, ღიად და დაუფარავად ეწვია რამდენიმე ვარსკვლაურ წვეულებას. მეტიც, ალბერმა მამასაც კი გააცნო საყვარელი ქალი და მართალია, პრესამ ჩათვალა, რომ სწორედ რუსი სპორტსმენი გახდებოდა პრინცის მეუღლე, მაგრამ წყვილმა ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა დაშორების შესახებ.
მართალია, გავრცელდა ვერსია, თითქოს განხეთქილების მიზეზად სამხრეთ აფრიკელი ლამაზმანი, მოცურავე შარლინ უიტსტოკი იქცა, რომელმაც დევნით, მუქარითა და არასასიამოვნო ხმების გავრცელებით ჩამოიშორა კონკურენტი, მაგრამ მსგავსი ვერსია არც გრიშჩუკმა დაადასტურა, არც თავად უიტსტოკმა, რომელიც იმ პერიოდში აბსოლუტურად არ ინტერესდებოდა მონაკოს პრინცის ცხოვრებით.
* * *
ალბერს, რომელიც ყოველთვის დიდად აფასებდა ლამაზ ქალბატონებს, ხშირად მიაწერენ კლაუდია შიფერთან, ჯენის დიკენსონთან და ნაომი კემბელთან რომანს, ვისთანაც დღემდე ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას, ბრუკ შილდსთან ურთიერთობა კი, სწრაფად დაასრულა, რადგან მსახიობმა მოჭარბებული ენერგიითა და გათხოვების დაუოკებელი სურვილით დააფრთხო.
2001 წელს გრიმალდი მორიგ სკანდალში გაეხვა, როცა მისმა ყოფილმა საყვარელმა, ჰოლანდიელმა მოდელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალბატონმა კარენ მიულდერმა ფრანგულ ტელეშოუში სტუმრობისას განაცხადა, რომ სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად უწევდა ესკორტ-მომსახურებას შეძლებულ პუბლიკას. მიულდერმა საჯაროდ დაადანაშაულა გავლენიანი პოლიტიკოსები და წარჩინებული გვარის წარმომადგენლები ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში. მოძალადეების გრძელ ნუსხაში აღმოჩნდა ალბერიც, თუმცა საქმის გამოძიება არავის უფიქრია. პირიქით, ტელეშოუ დაიხურა, მიულენდერი კი, ნარკოტიკებზე დამოკიდებულ შეშლილად გამოაცხადეს და ცრუ ბრალდებისთვის სასამართლოში უჩივლეს. რა ბედი ეწია მოდელს დაზუსტებით არავინ იცის, თუმცა არსებობს ვერსია, რომ რამდენიმე წელი იძულებით იმკურნალა ფსიქიატრიულ კლინიკაში.
* * *
2005 წლის 31 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მონაკოს მონარქი რენიე მესამე უარს ამბობდა მმართველობაზე. შედეგად, ალბერ მეორე ჯერ რეგენტი, მამის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი მემკვიდრე და მონაკოს სრულუფლებიანი მმართველი გახდა. კორონაცია 2005 წლის 19 ნოემბერს გაიმართა, ალბერმა კი, მისი უდიდებულესობა, მონაკოს სუვერენული პრინცის, მარკიზ ბოს ტიტული შეიძინა.
თუმცა, პრივილეგიებთან ერთად ტიტულს გარკვეული დისკომფორტიც მოჰყვა, რადგან მისი უდიდებულესობა იძულებული გახდა უარი ეთქვა თავქარიან ცხოვრებაზე, მრავალრიცხოვან რომანებზე და სერიოზულად მოეკიდა ხელი ოჯახისთვის. ცოლობის ყველაზე შესაფერის კანდიდატად ალბერმა ძველი ნაცნობი შარლინ უიტსტოკი მიიჩნია, რომელსაც ხანგრძლივი განშორების შემდეგ ისევ შეხვდა 2006 წელს ტურინში.
ოფიციალურად ალბერმა 2011 წლის გაზაფხულზე სთხოვა ცოლობა შარლინს, რამდენიმე თვის შემდეგ კი, მდიდრული საქორწინო წვეულება გამართა, რომელიც 20 მილიონი ევრო დაჯდა. შარლინის კაბის დიზაინზე ჯორჯო არმანიმ იზრუნა, მისი შეკერვა კი, სამ ქალბატონს დაევალა, რომელთაც ნამდვილი შედევრი შექმნეს 50 მეტრი ატლასის, 80 მეტრი ორგანზის ქსოვილისა და რამდენიმე ათასი სვაროვსკის კრისტალისგან.
საზეიმო წვეულებას უამრავი ცნობილი ევროპელი დაესწრო ნიკოლა სარკოზის, კარლ ლაგერფელდის, ნაომი კემპბელისა და თავად ჯორჯო არმანის ჩათვლით, მილიონობით მაყურებელმა კი, ტელეეთერით იხილა 2011 წლის მთავარ მოვლენად ქცეული ქორწინება და ბევრმა შეამჩნია, რომ მომავალი პრინცესა ცრემლებად იღვრებოდა. მეტიც, პრესამ შარლინს "ყველაზე ნაღვლიანი პატარძალი" უწოდა, რადგან როგორც აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკელი ლამაზმანი, რომელიც სამჯერ გაექცა მომავალ მეუღლეს, მაგრამ სპეცსამსახურებმა ყველგან მიაგნეს, პრაქტიკულად ძალით გაათხოვეს.
მართალია, ტაბლოიდები ირწმუნებოდნენ, რომ პრინცესა ვერ გაუძლებდა მეუღლის მუდმივ ღალატს და მალე გაშორდებოდა, მაგრამ 2014 წელს მეუღლეებს ტყუპები - ჟან ონორე რენიე და გაბრიელა ტერეზა მარია შეეძინათ და პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად 13-წლიანი ქორწინების შემდეგ ისევ ერთად არიან.
* * *
დღეს ალბერ მეორე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული მონარქია, რადგან მისი კაპიტალი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მისი უდიდებულესობა ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთებს და სამორინეებს ფლობს საფრანგეთსა და მონაკოში. მის საკუთრებაში ირიცხება მონტე-კარლოს საოპერო თეატრი, უნიკალური ფერწერული ტილოების და ავტომობილების კოლექცია 100 რარიტეტული ექსპონატით. ამასთანავე, ქველმოქმედებით ცნობილი პრინცი მეუღლესთან ერთად მეურვეობს რამდენიმე საქველმოქმედო ფონდს, ფესტივალს და აქტიურად უწყობს ხელს სპორტისა და ხელოვნების განვითარებას.