* ტელონიუს მონკი -
ამერიკული ჯაზის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ ტელონიუს მონკმა, რომელსაც ხშირად "ბიბოპის უმაღლეს ქურუმსაც" უწოდებდნენ, უჩვეულო დაკვრის მანერისა და ორიგინალური იმპროვიზაციების წყალობით გაითქვა სახელი. მონკის ნოვატორული სტილი და კომპოზიციები, რომელიც მელომანებისთვის თავიდან უცხო, მერე კი, საოცრად საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა, დღეს ჯაზის კლასიკად ითვლება.
* * *
ტელონიუს სფირ მონკი 1917 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ როკი-მაუნთიში, თუმცა მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან და დასთან ერთ გადაბარგდა ნიუ-იორკში.
პირველად ფორტეპიანოზე დაკვრა მონკმა 6 წლის ასაკში სცადა უფროსი დის წყალობით, რომელსაც თვითონ მუსიკის მეცადინეობა დაეზარა და ძმასთან ერთად მოინდომა გართობა. როგორც ჩანს, პირველი გამოცდილება წარმატებული აღმოჩნდა, რადგან 13 წლის მონკი უკვე აქტიურად მონაწილეობდა მუსიკალურ კონკურსებში. მეტიც, თვითნასწავლ პიანისტს Apollo Theater-ში მოწყობილ სამოყვარულო კონკურსებშიც კი აუკრძალეს მონაწილეობა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ტელონიუსი გაიმარჯვებდა და სხვა კონკურსანტების მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა.
17 წლის მონკი ჯერ ჰარლემის ეკლესიაში უკრავდა ორგანზე, მერე მანჰეტენის პრესტიჟულ კლუბში Minton's Playhouse-ში გადაინაცვლა, სადაც მინიმანური ანაზღაურება, თუმცა სრული თავისუფლება ჰქონდა. მონკმა ბრწყინვალედ ისარგებლა შესაძლებლობით, რადგან სწორედ მანჰეტენის კლუბში შეიმუშავა დაკვრის საკუთარი სტილი, რომელსაც მოგვიანებით "ჰარლემის სთრაიდი" ეწოდა. მონკის შემოქმედებამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა დიზი გილესპისა და ჩარლი პარკერის ფორმირებაზე, რომლებიც მის მოსასმენად სტუმრობდნენ Minton's Playhouse-ს 1940-იანი წლების დასაწყისში.
სწორედ გილესპი და პარკერი იქცნენ ბიბოპის ფუძემდებლებად, მონკი კი, დიდხანს იყო ჩრდილში, რადგან 1940-იან წლებში მისი ექსცენტრული შემოქმედება ზედმეტად რთული აღსაქმელი აღმოჩნდა მსმენელისთვის. მეტიც, გილესპი არა მხოლოდ შემოქმედებით თავისებურებებს დაესესხა მონკს, არამედ ჩაცმის სტილსაც, რადგან მასავით მოირგო ბერეტი და მუქი სათვალე, რომელთაც მოუხსნელად ატარებდა.
* * *
1944 წელს მონკმა პირველი სტუდიური ჩანაწერი გააკეთა კოულმენ ჰოკინსის კვარტეტთან ერთად. სწორედ ჰოკინსი აღმოჩნდა პირველი პროფესიონალი მუსიკოსი, ვინც ჯეროვნად შეაფასა მონკის ტალანტი და ენდო ახალგაზრდა მუსიკოსს. მადლიერებით უპასუხა ტელონიუსმაც, როცა 1957 წელს ჯონ კოლტრენინთან კოლაბორაციულ სესიაზე ჰოკინსიც მიიწვია.
გარდამტეხი მონკისთვის ხმისჩამწერ სტუდიასთან Blue Note-თან გაფორმებული 5-წლიანი კონტრაქტი აღმოჩნდა, როცა პირველი დამოუკიდებელი ჩანაწერი გააკეთა და ორი ალბომი Genius Of Modern Music: Volume 1 და Genius Of Modern Music: Volume 2 გამოუშვა. ექსცენტრიკულობის მიუხედავად, პუბლიკამ აღფრთოვანებით მიიღო მისი ნამუშევრები, რომლებიც დღეს ჯაზური მუსიკის კლასიკად ითვლება.
* * *
ნამდვილ შედევრად იქცა 1956 წელს გამოსული ალბომი Brilliant Corners, რომლის წყალობით მუსიკოსმა პირველი მასშტაბური საგასტროლო ტურნე მოაწყო ამერიკასა და ევროპაში. არანაკლები პოპულარობა მიპოვა ორი წლის შემდეგ გამოსულმა ალბომმა Misterioso, რომელიც მონკმა ბრწყინვალე მუსიკოსებთან ერთად ჯონი გრიფინთან, როი ჰენსთან და აჰმედ აბდულ-მალიკთან ერთად ჩაწერა. ნაკრებმა, რომელმაც მონკის ხუთი ორიგინალური კომპოზიცია გააერთიანა, მის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება, რადგან სწორედ იმ პერიოდში შეძლო ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დაძლევა, მუსიკოსებთან საერთო ენის გამონახვა და შემოქმედებითი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა.
აღსანიშნავია, რომ იტალიურმა კომპანიამ De Agostini-მ მონკის ალბომი არა მხოლოდ 18-გრამიან ვინილის ფირფიტაზე ჩაწერა, რითაც ბრწყინვალე ჟღერადობა უზრუნველყო, არამედ ორიგინალური გარეკანითაც გამოსცა, რომელზეც იტალიელი ფერმწერის ჯორჯო დე ჩირიკოს რეპროდუქცია "წინასწარმეტყველი" მოათავსა. მოგვიანებით, Misterioso-ს გარეკანმა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა, რადგან ბევრი თავად მონკსაც ერთგვარ გურუდ მიიჩნევდა მისტიკური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აურით.
კოლეგების განცხადებით, ტელონიუსს საშინლად მძიმე ხასიათი ჰქონდა და ძალიან უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა. "ექსცენტრული" და "უნიკალური" სწორედ ასე ახასიათებდნენ მეგობრები მუსიკოსს და მის შემოქმედებას. თუმცა, მონკის უნიკალურობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით უფრო იყო გამოწვეული, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა. მართალია, ოფიციალურად არასდროს გაჟღერებულა მისი დიაგნოზი, მაგრამ გამოითქვა ვერსია, რომ ტელონიუსი ბიპოლარული აშლილობით ანუ შიზოფრენიის მძიმე ფორმით იტანჯებოდა და აქტიურად მოიხმარდა მედიკამენტებს, რომელთაც დამშვიდების ნაცვლად, ხშირად უკუეფექტი ჰქონდათ.
* * *
1988 წელს მაყურებელმა დოკუმენტური ფილმი "ტელონიუს მონკი: პირდაპირ და სიცრუის გარეშე" (Thelonious Monk: Straight, No Chaser) იხილა, რომელიც მისმა შვილმა გადაიღო. აღსანიშნავია, რომ უმცროსი ტელონიუსიც მუსიკოსი გახდა, თუმცა მამისგან განსხვავებით დასარტყამ ინსტრუმენტზე არჩია დაკვრა. შვილის განცხადებით, უფროსი მონკი ხშირად კარგავდა ორიენტაციას და ვერ ცნობდა ოჯახის წევრებს, რაც მის ბრაზსა და გაღიაზინებას იწვევდა, ამიტომ აგრესიის შეტევით რამდენჯერმე კლინიკაშიც მოუწიათ მისი გადაყვანა.
მონკმა 1970-იანი წლების დასაწყისში დაანება თავი მუსიკას, როცა განსაკუთრებით დამძიმდა მისი მდგომარეობა. მუსიკოსმა ოჯახურ მოვალეობებზეც უარი თქვა და დიდი ხნის საყვარელთან ბარონესა პანონიკა როტშილდთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელსაც 1959 წელს კომპოზიცია Pannonica მიუძღვნა.
ტელონიუს მონკი 1982 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა ინსულტით. გარდაცვალების შემდეგ, 1993 წელს მუსიკოსი Grammy Lifetime Achievement Award-ით დაჯილდოვდა მუსიკალური მიღწევებისთვის, 2006 წელს კი, პულიცერის პრემია მიიღო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამასთანავე მონკი ერთ-ერთი გახდა იმ ხუთ ჯაზ-მუსიკოსს შორის, ვინც ჟურნალ Time Magazine-ის გარეკანზე მოხვდა.