თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე გამოკითხეს. " ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა სასამართლოს ინფორამაცია მიაწოდა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე, მათ შორის, ამომრჩევლებზე ზემოქმედების, ვადაგასული პასპორტით ხმის მიცემისა და დამკვირვებლებზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევზაძე და ლონდა თოლორაია. პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ასევე, დაიკითხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი, თუმცა უწყებაში კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ინფორმაციას არ აჟღერებენ.