„ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონები უფრო და უფრო ერთიანდებიან. ის, რაც უკრაინაში ხდება, მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი, უნდა გავზარდოთ თავდაცვის სფეროში წარმოება, მეტი უნდა გავაკეთოთ თავდაცვის ხარჯების კუთხით. მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, - განაცხადა მარკ რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გვიან ღამით ჩავიდა და დღეს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს გარდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელსა და მის შემცვლელს კაია კალასს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლემისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შეხვდება.