გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2025 წლის 23 თებერვალი დაამტკიცა. მანამდე შტაინმაიერი მმართველი კოალიციის ლიდერებს, ასევე ოპოზიციური ალიანსის – „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერსაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შტაინმაიერი მიესალმა ფაქტს, რომ საპარლამენტო ფრაქციები ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრის ჩატარების თარიღად 16 დეკემბერზე შეთანხმდნენ. გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი გაეთავისუფლებინა. შედეგად, მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.