პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი ერთგული რჩება და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ირაკლი კობახიძემ, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.