პუტინი მსოფლიო კონკურენციისთვის ენერგეტიკულ გიგანტს ქმნის.
კრემლი რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიების ერთ მეგასტრუქტურაში გაერთიანებას განიხილავს. კერძოდ, საუბარია „როსნეფტის“ მიერ „ლუკოილისა“ და „გაზპრომნეფტის“ შერწყმა-შთანთქმის შესაძლებლობაზე. ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გარიგების შემთხვევაში, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებსა და რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე პუტინის კონტროლი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. კერძოდ, გაერთიანებული სტრუქტურა შესაძლოა, მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი გახდეს Saudi Aramco-ს შემდეგ, რომელიც უმსხვილეს ამერიკულ კომპანია Exxon Mobil-ზე, თითქმის, სამჯერ მეტ მოცულობას აწარმოებს. ეს კი, გამოცემის შეფასებით, რუსეთს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელ ფასებს მიაღწიოს ისეთი მყიდველებისგან, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია. WSJ-ის წყარო ირწმუნება, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს. იმის მიუხედავად, რომ „მწვანე“ ალტერნატივების პირობებში ნავთობზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება, პუტინის სურვილია, ომის მხარდასაჭერად ნავთობისა და გაზის სექტორი გააერთიანოს და შექმნას ენერგეტიკული გიგანტი, რომელიც შეძლებს, საუდის არაბეთს კონკურენცია გაუწიოს. წყაროს თანახმად, მოსკოვი იმედოვნებს, რომ გაერთიანებული კომპანია დასავლეთის სანქციების ზეწოლას უფრო ეფექტურად გაუძლებს.
ამასთან, გამოცემის თანამოსაუბრეების განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ შერწყმის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის ომის კონტექსტში დაიწყო, ინიციატივა, ასევე, მიზნად ისახავს რუსეთის მომზადებას საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლო დათბობისთვის.