ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6 ლარი და 62 თეთრი შეადგინა, რაც სექტემბერთან შედარებით 2%-იანი, ხოლო გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 8%-იანი ზრდაა. აღნიშნულ მონაცემებს კვლევითი ორგანიზაცია ISET ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, თვის ჭრილში, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თელავში დაფიქსირდა, სადაც ხაჭაპურის ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, თელავში, მიმდინარე თვეში, ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7 ლარი 17 თეთრი შეადგინა, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 8.4%-ით აღემატება. აღნიშნული ზრდა უკავშირდება კახეთის საშემოდგომო სეზონს, განსაკუთრებით რთველის პერიოდს, რომელიც აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. რთველს დღესასწაულები იწვევს ტურისტული ნაკადების გადანაცვლებას შავი ზღვის სანაპიროდან თელავისა და მიმდებარე რეგიონებისკენ. ტურისტების სეზონური მატება ზრდის ადგილობრივ მოთხოვნას, რაც ფასების მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. წლის ჭრილში, ხაჭაპურის მოსამზადებლად საჭირო თითქმის ყველა ინგრედიენტი გაძვირდა, გარდა კვერცხისა, რომლის ფასიც 1.5%-ით შემცირდა. როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად საფუარის ფასი გაიზარდა 21.8%-ით, შემდეგ მოდის კარაქი, რომელიც 16.4%-ით გაძვირდა, რძემ მოიმატა 13.2%-ით, ყველი 8.6%-ით და ფქვილი 4.6%-ით გაძვირდა. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, მოსალოდნელია ყველისა და რძის – ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების – ფასების შემდგომი ზრდა მომდევნო თვეებში.