ტელეკომპანია CNN აცხადებს, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ახალი ადმინისტრაციის შექმნაზე მუშაობს, რამდენიმე არჩევანი უკვე გააკეთა. ტელეკომპანიას ორმა წყარომ განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, სენატორს ფლორიდის შტატიდან, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად აირჩევს. წყაროების ცნობით, ტრამპმა ფლორიდის „რესპუბლიკელ“ დეპუტატს მაიკ უოლტსს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩევლის პოსტი შესთავაზა. ამასთან, ტრამპმა „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ელის სტეფანიკი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობისთვის შეარჩია. დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, სუზი უილსი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი გახდება.