საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს , - ამის შესახებ შვედმა ეკოაქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა თბილისში, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.
„საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს. ეს ასე მარტივად არის“, - განაცხადა გრეტა თუნბერგმა.
ამასთან, ეკოაქტივისტმა ისაუბრა მის მიერ ორგანიზებული აქციის მიზანზე და კლიმატის ცვლილებებზე. თუნბერგის თქმით, კლიმატური სამართლიანობა სოციალური სამართლიანობის გარეშე შეუძლებელია და ასევე, აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ, აქციას ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“-ს შეუერთდება.
„ჩვენ ვერ გვექნება კლიმატური სამართლიანობა სოციალური სამართლიანობის გარეშე. ეს პროტესტი აზერბაიჯანის რეპრესიული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ არის, კონკრეტულად კლიმატის ცვლილების კონფერენციის წინააღმდეგ, ასევე, მთელი კავკასიის რეგიონის სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა შვედმა აქტივისტმა.
მოგვიანებით, შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი სხვა აქტივისტებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა. ცნობისთვის, მანამდე შვედი ეკოაქტივისტი აზერბაიჯანში მიმდინარე კლიმატის ცვლილებების კონფერენციას აპროტესტებდა თავისუფლების მოედანზე. როგორც აქტივისტები აცხადებენ, აზერბაიჯანში აღნიშნული კონფერენციის ჩატარება არ შეიძლება, რადგან აზერბაიჯანი ავტორიტარული ქვეყანაა, სადაც კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება იდევნება. ასევე, რუსთაველის გამზირზე 19:00 საათიდან მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამდგარ შედეგებს აპროტესტებენ.