ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ გამოძიება [ჩატარდეს] - სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებები დამოუკიდებლად გამოძიებული არ იქნება, ისინი მოითხოვენ ინდივიდუალურ სანქციებს, იმათ მიმართ, „ვინც პასუხს ამომრჩეველთა მანიპულაციაზე, დაშინებაზე აგებს“.
„ჩვენ ვართ მაღალი რანგის პარლამენტარები, 8 სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ოჯახიდან. შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია მიეკუთვნება ჩემს პარტიულ ოჯახს - ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, ჩვენ წევრობა შევწყვიტეთ. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ ძალზე შეშფოთებულები ვართ უკანასკნელი არჩევნებით და ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის საიდუმლოება არ იყო უზრუნველყოფილი. მიმდინარეობდა ფართოდ ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც დიდი კითხვები დასვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცა და განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ და საქართველოს მასმედიის განცხადებებმა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ გამოძიება ამ სერიოზული განაცხადებისა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება არ შეიძლება არ იყოს უზრუნველყოფილი, ევროპული საბჭო, ეუთო და სხვა ორგანიზაციები უნდა ჩაერიონ. სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად გამოძიებული არ იქნება, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს იმათ მიმართ, ვინც პასუხს ამომრჩეველთა მანიპულაციაზე, დაშინებაზე აგებს. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელი-ხელ ჩაკიდებული უნდა მიდიოდეს და ის ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს, მან ფასი უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა როთმა.
როგორც როთმა განმარტა, თუ ანტიევროპული ტრაექტორია და ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა გაგრძელდება, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება.
„ჩვენ უნდა გავიხილოთ ყველა ინსტრუმენტი და ასევე, უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე, რაც არის ყველაზე დიდი მიღწევა, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც, მაგრამ ეს გახლავთ სერიოზული სიტუაცია და ჩვენ ყველა დოკუმენტები/ინსტრუმენტები უნდა დავდოთ მაგიდაზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.
თუ გაგრძელდება ანტიევროპული ტრაექტორია და არ მოხდება გაუქმება, მაგალითად: „რუსული აგენტების კანონისა“ და ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრა გაგრძელდება, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან. თუ თქვენი მთავრობა გეუბნებათ, რომ ერთი მხრივ, ხდება წნეხი სექსუალურ უმცირესობაზე და მეორე მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ეს არ არის მართალი.
ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავიწყოთ გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგი, არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან, ოპოზიციასთან. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას და მთავრობას სურვილი არ ჰქონდათ, რომ ჩვენ მივეღეთ, ეს არის გულდასაწყვეტი იმიტომ, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია. თუ ერთმანეთს არ ვეთანხმებით ერთად დავსხდეთ და გავუზიაროთ ჩვენი აზრები ერთმანეთს, ეს არის ევროპული არსი და ამიტომაც აქ ვიმყოფებით“, - განაცხადა როთმა.