ახალი არჩევნების ჩატარება და 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიება - უცვლელი მოთხოვნით ოპოზიცია ბრძოლას განაგრძობს. ხელისუფლების ოპონენტებმა საკუთარი სამოქმედო გეგმა საქართველოს პრეზიდენტს უკვე წარუდგინეს. ამავე მიზნით, ოპოზიციურმა კოალიციურმა ძალებმა გუშინ შეხვედრა გამართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან. ოპოზიციის კონსოლიდირებული გეგმის ნაწილი საპროტესტო აქციებთან ერთად შესაძლო მტკიცებულებების შეგროვება და დოკუმენტების საერთაშორისო პარტნიორებისთვის წარდგენაა. ქართული ოცნების კონკურენტი ძალები მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო საგამოძიებო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.