უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. რუსეთის მიერ კიევზე დრონებით თავდასხმის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, სადაც ესტონეთის ელჩი, ანელი კოლკაც ცხოვრობს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს, რომ ელჩი არ დაშავებულა. მანამდე, ოკუპანტებმა ქალაქ ოდესაზე მასირებული იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი, ცხრა ადამიანი კი დაშავდა. დაზიანდა სკოლა და კერძო საცხოვრებელი სახლები, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. აფეთქებები მოხდა ხარკოვშიც. რუსეთის ძალებმა ქალაქს მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს, შედეგად მრავალსართულიანი კორპუსი დაინგრა, დაშავებულია 25 ადამიანი. ამასთან, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. დაღუპულია რვა ადამიანი.