ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში 8-დან 14 ნოემბრის ჩათვლით კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სკოლის მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო მასალის გამოფენაზე, უფასოდ მასპინძლობს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოწყობილ გამოფენას განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძე ეწვია. მან საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დოკუმენტები სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა და ილია ჭავჭავაძის პირად არქივს გაეცნო.