თურქეთის პრეზიდენტი, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ემანუელ მაკრონს ევროკავშირის მიერ თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დაპირება შეახსენა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები ღრმა ისტორიას ეფუძნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ერდოღანის თქმით, თურქეთი ევროკავშირთან ურთიერთობებში ალიანსის სრული წევრობის პერსპექტივით ხელმძღვანელობს. როგორც მან აღნიშნა, უკრაინასა და რუსეთს, ისრაელსა და პალესტინას, ისრაელსა და ლიბანს შორის დაძაბულობის მშვიდობიანი გზით, დიპლომატიის მეშვეობით დასრულება ყველა ქვეყნის ინტერესებშია.