გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლის გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედეგად ბუნდესტაგში დღის წესრიგი შეიცვალა. არსებული ინფორმაციით, დღეს ბუნდესტაგში ერთადერთი საკითხი – ბერლინის კედლის დაცემის 35-ე წლისთავი - განიხილება, შემდეგ კი დეპუტატები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე იმსჯელებენ. გერმანიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა, ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლიდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიან, ფაქტობრივად, დაიშალა. ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრის დროებით შემცვლელს დანიშნავს, 2025 წლის იანვარში კი კენჭისყრა გაიმართება, რომელზეც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს დააყენებენ. ოპოზიცია შოლცის გეგმას არ ეთანხმება და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას უახლოეს დღეებში ითხოვს.