8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება. კვირეულის ფარგლებში 8-14 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სკოლის მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო მასალის გამოფენაზე, სრულიად უსასყიდლოდ მასპინძლობს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოწყობილ გამოფენას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეწვია, მან საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დოკუმენტები, სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა და ილია ჭავჭავაძის პირად არქივს გაეცნო. ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობა ტარდება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი ახალგაზრდები.