რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ არ ურეკავს, ვინაიდან, "რაღაც ეტაპიდან” დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები.
შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
მისივე თქმით, თუ დასავლეთიდან იქნება კონტაქტების აღდგენის სურვილი, რუსეთს საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
“შემთხვევით ვისარგებლებ და არჩევას მივულოცავ…
სამარცხვინოდ არ მიმაჩნია ჩემი მხრიდან მისთვის [ტრამპისთვის] დარეკვა, მაგრამ არ ვაკეთებ ამას, ვინაიდან, დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელები აქამდე თითქმის ყოველ კვირა მირეკავდნენ, და მერე უცებ შეწყვიტეს. არ უნდათ და ნუ უნდათ…
თუ ნებისმიერ მათგანს სურს კონტაქტების აღდგენა, ყოველთვის ვამბობ: არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. კეთილი, აღვადგენთ კონტაქტებს და ვაწარმოებთ დისკუსიებს”, - განაცხადა პუტინმა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინი ტრამპთან დისკუსიებისთვის, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მას ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას შესთავაზებს, პუტინმა უპასუხა: “მზად ვართ, მზად ვართ”.