ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთავრობის ნდობის საკითხის პარლამენტში კენჭისყრაზე დაყენებას დაუყოვნებლივ ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელის ვაიდელმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი პარტია ბუნდესტაგს მიმართავს, რათა მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართოს. მან ასევე გააკრიტიკა ოლაფ შოლცის დამოკიდებულება ფინანსთა ყოფილი მინისტრისადმი. მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი და ასევე პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დაწერეს იუსტიციისა და განათლების მინისტრებმა, გერმანიაში სამი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიცია ფაქტობრივად დაიშალა. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მთავრობისადმი ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხს ბუნდესტაგში იანვარში დააყენებს.