კითხვა არის მარტივი - აპირებს თუ არა ევროკავშირი მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ ღირებულებებსა და გაასაჯაროოს საკუთარი ხარჯები საქართველოში?! მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ პრინციპებს, რომ საქართველოში მისი ფინანსები იყოს გამჭვირვალე?! ამაზე გვინდა პასუხი ევროპელი ჩინოსნებისგან! სირცხვილიც კია 21-ე საუკუნეში გვიმტკიცებენ, რომ ფული, რომელიც საქართველოში იხარჯება, უნდა იყოს ფარული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცის და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხები საქართველოში ფარულად იხარჯება.
„ღიად ისმის კითხვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები. ჩვენ ხშირად გველაპარაკებიან ევროპული ღირებულებების ამ კათედრიდან, თუმცა ქართველებში უკვე კითხვის ნიშანია გვესმის თუ არა ერთნაირად, თუ რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები. ქართველებისთვის წარმოუდგენელია, ევროპული ღირებულება იყოს, სხვა ქვეყანაში თანხების დაფარულად ხარჯვა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე ზეგავლენა მოახდინო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ევროპული ღირებულება. თუ ამას რომელიმე ევროპელი ასე მიიჩნევს, მაშინ ღიად თქვან და არა ასე შეფარულად. ქართველი ხალხისთვის გაუგებარია, ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა?! გვითხრან მაშინ, რომ ესაა თურმე ევროპული ღირებულება, ჩვენ ვცდებოდით აქამდე და სხვა რაღაც გვეგონა ევროპა და ევროპული ღირებულება. ჩვენ ქართველები ვართ, დიახაც, ევროპული ღირებულებების თანაშემოქმედნი. ქართული კულტურა არის ევროპული კულტურის თანაშემოქმედი. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ევროპულ ღირებულებებზე ჩვენ ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, მათ შორის ქართულ ღირებულებებზე. გვითხრან, აგვიხსნან, თუკი სხვა ქვეყანაში ფარულად ფულის ხარჯვაა ევროპული ღირებულებები, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის ეს ღირებულებები; თუკი სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა არის ევროპული ღირებულება, თუკი სკოლებსა და ბაღებში იმის პროპაგანდაა ევროპული ღირებულება, რომ არსებობს უთვალავი სქესი, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ევროპული ღირებულება სხვადასხვანაირად გვესმის. ამიტომ გვითხრან პირდაპირ რა არის ევროპული ღირებულება.
რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონს“, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულების შესაბამისად მიღებული კანონი. ეს კანონი გულისხმობს იმას, რომ თანხები, რომელიც იხარჯება საჯარო წყაროებიდან და განსაკუთრებით, თანხები, რომელიც იხარჯება უცხოეთიდან სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს არის ევროპული ღირებულება. გამოვიდეს და ვინმემ თქვას, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვის გაუმჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება და ძალიან მაინტერესებს ვინ იტყვის ამას!
ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხები საქართველოში იხარჯება ფარულად. მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ფარულად ხარჯავს საქართველოში ფულს, მათ შორის პოლიტიკაში. ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საკითხი. კითხვა არის მარტივი აპირებს თუ არა ევროკავშირი მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ ღირებულებებსა და გაასაჯაროოს საკუთარი ხარჯები, საკუთარი ბიუჯეტის ხარჯები საქართველოში?! აპირებს თუ არა მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ პრინციპებს, რომ საქართველოში მისი ფინანსები იყოს გამჭვირვალე?! ეს გვაინტერესებს და ამაზე გვინდა პასუხი ევროპელი ჩინოსნებისგან! სირცხვილიც კია 21-ე საუკუნეში პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ ფული, რომელიც საქართველოში იხარჯება, უნდა იყოს ფარული. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფულს საქართველოში, ამას ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ - ხოლმე, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს არაერთხელ დადასტურდა. ჩემთან პირად საუბარში ევროპელ ზოგიერთ ჩინოსანს დაუდასტურებია, რომ მან ნახა მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტების სია და დამეთანხმა იმაში, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ამ დაფინანსებაში ნამდვილად ჩანდა. თუმცა ჩემს თხოვნაზე იქნებ ჩემთვისაც ეჩვენებინა ეს სია, მივიღე უარი. ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, ყველა ევროპელი, დგას საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.