საპენსიო სააგენტომ 150 მლნ ლარი EBRD-ის ობლიგაციაში ჩადო.
საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გლობალური საშუალოვადიანი ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განთავსებულ ევროობლიგაციებში 150 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელდა,
მცურავი განაკვეთის მქონე ფასიანი ქაღალდები ლარშია დენომინირებული, ვადიანობა კი 5 წლით განისაზღვრა. საპენსიო სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ EBRD-ის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მქონე ობლიგაციებში საპენსიო აქტივების ინვესტირება აუმჯობესებს საპენსიო სააგენტოს პორტფელის ხარისხს, ზრდის აქტივების დივერსიფიკაციას და ამასთან EBRD-თან გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყისს წარმოადგენს. აღნიშნული ინვესტიცია ამყარებს საპენსიო სააგენტოს მიზანს, რომ კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით განაგრძოს პორტფელის დივერსიფიკაცია, რათა საპენსიო აქტივები იმართოს უმაღლესი სტანდარტების მიხედვით. ცნობისთვის, EBRD წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მხარს უჭერს 36 ქვეყნის განვითარებად ეკონომიკას. 1992 წელს საქართველოში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 300-ზე მეტ პროექტში – ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკის სექტორებში.