გერმანიის ფინანსთა მინისტრი იორგ კუკისი გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, იორგ კუკისი აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტიან ლინდნერს შეცვლის, რომელიც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თანამდებობიდან გადააყენა.
იორგ კუკისი წარსულში ამერიკულ საინვესტიციო ბანკში, Goldman Sachs-ში მუშაობდა და 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის დეკემბრამდე ფინანსური ბაზრის პოლიტიკისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მდივანი იყო.
შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ოლაფ შოლცმა კრისტიან ლინდნერი გადააყენა. შოლცის მტკიცებით, ლინდნერმა, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეა, პარტიის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა. ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახდეს.