არისტოტელე ონასისი -
ამბობენ, თითქოს პატივმოყვარე ბერძენი მამები დღემდე არისტოტელეს არქმევენ საკუთარ შვილებს, თუმცა არა უდიდესი ფილოსოფოსის პატივსაცემად, არამედ იმედით, რომ მათი შვილები მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილ ბერძენს, მილიარდერსა და გემთმშენებელ მაგნატს არისტოტელე ონასისს დაემსგავსებიან, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთმა ელადელმა ვერ შეძლო "ოქროს ბერძნის" წარმატების გამეორება.
* * *
არისტოტელე სოკრატ ონასისი 1906 წლის 15 იანვარს დაიბადა უძველეს ბერძნულ ქალაქ სმირნაში (დღევანდელ იზმირში), თამბაქოთი მოვაჭრის ოჯახში. არისტოტელემ ადრეულ ასაკშივე გამოავლინა საზრიანობა და გონებაგამჭრიახობა, სწრაფად ისწავლა რამდენიმე უცხო ენა და ბრწყინვალედ გაერკვა ოჯახური ბიზნესის თავისებურებებში.
არისტოტელე 12 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, მამამ კი, მეორედ იქორწინა. მცირეწლოვანმა ონასისმა მშვიდად მიიღო ოჯახის ახალი წევრი, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ აპატია მამას მეორედ ქორწინება. მართალია, სოკრატ ონასისი შვილის ჯერ უნივერსიტეტში გაგზავნას, მერე კი, შეძლებული ოჯახის ქალიშვილზე დაქორწინებას და საკუთარი ბიზნესის გადაცემას გეგმავდა, თუმცა ბედისწერამ სხვაგვარად ინება.
* * *
1922 წელს სმირნა მეზობელმა თურქებმა დაიპყრეს, რომელთაც ერთიანად გაანადგურეს მთელი ქალაქი, არ დაინდეს არც მოსახლეობა. უფროსი ონასისი სხვა ბერძნების მსგავსად საპატიმროში მოხვდა, მისი ქონება კი, სრულად იქნა კომფისკირებული. მართალია, 16 წლის არისტოტელე სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ მამის ძველი ნაცნობების დახმარებით მაინც შეძლო ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობით ფულის შოვნა და 20 ათას დოლარად მამის საპატიმროდან დახსნა. თუმცა, მადლიერების ნაცვლად მხოლოდ მისი წყრომა დაიმსახურა მარცხიანი გარიგებისთვის, რადგან ჩათვალა, რომ შვილმა ზედმეტად ძვირი გადაიხადა მისი თავისუფლებისთვის.
* * *
შეურაცხყოფილმა არისტოტელემ მამასთან ერთად მშობლიური სმირნაც დატოვა. ახლობლების დახმარების გარეშე დარჩენილმა ემიგრანტმა, რომელსაც მხოლოდ ყალბი დოკუმენტები და 100 დოლარი ჰქონდა ჯიბეში, არგენტინის დედაქალაქში ბუენოს-აირესში სცადა ფულის შოვნა და ფეხზე დადგომა. მომავალი მილიარდერი ნებისმიერ საქმეს ასრულებდა და ჯერ ჭურჭლის რეცხავდა რესტორანში, მერე ქუჩაში ვაჭრობდა და კურიერად მუშაობდა ბრიტანულ სატელეფონო კომპანიაში.
რამდენიმეწლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ონასისმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ არგენტინაში თურქული თამბაქო სარგებლობდა მოთხოვნილებით და სიგარეტის საკუთარი წარმოება აამუშავა. თამბაქოთი მამა უზრუნველყოფდა, ვისთანაც სწორედ საერთო ბიზნესის წყალობით შეძლო ურთიერთობის გაუმჯობესება.
* * *
"ყველაზე რთული პირველი მილიონის შოვნაა, მერე კი, ნებისმიერი საქმე თავისით ვითარდება", - ხშირად იმეორებდა ონასისი, რომელმაც 23 წლის ასაკში შეძლო თავისი მილიონის შოვნა. თუმცა, ბიოგრაფები მის ადრეულ წარმატებას არა იმდენად გონებამახვილობას, რამდენადაც თაღლითობას მიაწერენ, რადგან სინამდვილეში თამბაქო მხოლოდ ნიღბავდა ოპიუმით ვაჭრობას.
მართალია, ახალგაზრდა ონასისმა რამდენიმე წელიწადში შეძლო კომპანიის გაფართოება და საკუთარი შემოსავლის გაზრდა, მაგრამ 1920-იან წლების ბოლოს საბერძნეთის მთავრობამ საქონლის იმ ქვეყნებში ექსპორტირების გადასახადის გაზრდა გადაწყვიტა, რომელთანაც არ ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობა, რამაც არისტოტელეს სამშობლოში დაბრუნება და საქმის ათენში მოგვარება აიძულა.
ონასისი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რომელსაც ბერძნულ-არგენტინული სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკუთარი გეგმა შესთავაზა. როგორც ამბობენ, მინისტრი ისე მოიხიბლა ახალგაზრდის ინტელექტით და პროფესიონალიზმით, რომ არგენტინაში საბერძნეთის საგანგებო ელჩის სტატუსი შესთავაზა. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად ონასისმა უბრალოდ იყიდა ელჩის პოსტი სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ. არავინ იცის სინამდვილეში რა მოხდა, თუმცა 23 წლის მეწარმემ დიპლომატის სტატუსი შეიძინა და მოხერხებულად გამოიყენა ყველა პრივილეგია.
ონასისის გონებამახვილობის მიუხედავად, არც არგენტინელი სამართალდამცავები გამოდგნენ ბრიყვები, რომელთაც მეწარმე დიპლომატი თაღლითობაში, საქონლის შეგნებულად გაფუჭებასა და დაზღვევის უკანონოდ მიღებაში დაადანაშაულეს. არ ჩამორჩნენ არგენტინელებს არც ამერიკელი კოლეგები, რადგან არისტოტელეს საქმიანობით გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებიც დაინტერესდნენ, თუმცა დიპლომატიური ხელშეუხებლობის ბორტად გამოყენების ბრალდებით საქმის აღძვრა მაინც ვერ გაბედეს. მოხერხებულმა ონასისმა წარმატებით გააგრძელა დიპლომატიური სტატუსით სარგებლობა და საკუთარი კაპიტალის გაზრდა.
* * *
დიპლომატიურმა საქმიანობამ სრულიად ახალი საქმიანი შესაძლებლობები "შესთავაზა" ონასისს, რომელიც ერთგვარ არბიტრად და შუამავლად იქცა ბერძნული გემების მფლობელებსა და არგენტინის პორტის თანამშრომლების მუდმივ კონფლიქტში, რაც ნავიგაციის თავისებურებების დეტალურად გარკვევაში დაეხმარა, მით უფრო, რომ ბავშვობიდან შეყვარებული იყო ზღვაოსნობაში. სწორედ ზღვის სიყვარულმა და სოლიდური შემოსავლის მიღების წინათგრძნობამ აიძულა არისტოტელეს აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა.
დროული აღმოჩნდა მსოფლიო ფინანსური კრიზისიც. 1932 წელს, "დიდი დეპრესიის" პერიოდში იღბლიანმა მეწარმემ წარმოუდგენლად დაბალ ფასად - 120 ათას დოლარად შეიძინა ექვსი სატვირთო გემი, რომლებიც რამდენიმე წლით ადრე სულ მცირე 1,5 მილიონი დოლარი ღირდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ 1930-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი მის მრავალმილიარდიან იმპერიას.
დაბალი ფასის მიუხედავად, ონასისს მაინც სერიოზულად მოუწია გარისკვა, რადგან გლობალური კრიზისის ფონზე, როცა მინიმუმამდე შემცირდა ვაჭრობა, გემებს არაფერი ჰქონდათ გადასაზიდი. თუმცა ფხიანმა მეწარმემ ამ შემთხვევაშიც მონახა გამოსავალი, სოლიდური დაკვეთის მიღება შეძლო და ოკეანის გადაღმა შეუდგა ბრიტანული გაზეთის Daily Mail-ის გამოცემების გადაზიდვას.
ონასისს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა ვაჭრობა, მისთვის სასარგებლო პირობების მიღება და გონივრული ბიზნეს-სქემების მოფიქრება. ერთ დღეს როტერდამის პორტში მისი ერთ-ერთი, ბერძნული დროშით მცურავი გემი დააკავეს მზარეულის ავადმყოფობის მომიზეზებით. კონსულმა, რომელმაც უარის თქმა გემის გადმოტვირთვაზე, შეფარვით მოსთხოვა ონასის სოლიდური გასამრჯელო, თუმცა არისტოტელეს არც უფიქრია ქრთამის გადახდა, პირიქით, ჰოლანდიაში გაემგზავრა და იგივე გემი პანამის დროშით დაარეგისტრირა, რამდენიმე საათის შემდეგ კი, სწორედ პანამურ გემზე უმასპინძლა საბერძნეთის კონსულს და მიანიშნა, რომ მსგავსი მაქინაციები მასთან არ გაუვიდოდა.
სხვათა შორის, სწორედ მაშინ დამკვიდრდა ეროვნული დროშით მანიპულირების და ანგარებით გამოყენების ტენდენცია, რომელსაც დღესაც ხშირად მიმართავენ მსხვილი გემების მფლობელები.
* * *
" სიამოვნების მიღებაც კომერციულად მომგებიანი უნდა იყოს", - ხშირად იმეორებდა მექალთანე ონასისი, რომელმაც მრავალრიცხოვანი რომანებითაც დაადასტურა საკუთარი მოსაზრება.
1934 წელს არისტოტელემ ნორვეგიული სანავიგაციო კომპანიის მფლობელის ქალიშვილი, მომხიბვლელი ინგებორგე დედიჰენი გაიცნო, რომელსაც მართალია, ტემპერამენტული ბერძენი ჭარბი ბრიოლინით თმაზე, თავიდან განგსტერი ეგონა და მხოლოდ ანტიპათია გამოიწვია, მაგრამ ახლოს გაცნობისას თავდავიწყებით შეუყვარდა. თუმცა, რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა. არისტოტელეს, რომელიც ალკოჰოლის მიღების შემდეგ ძალადობაზე გადადიოდა, ისე შემოელახა საცოლე, რომ მისმა მამამ რამდენიმე საათში დაუსვა წერტილი მათ ურთიერთობას. თუმცა, სწორედ დედიჰენის ოჯახის კავშირების წყალობით მოიპოვა ონასისმა მისთვის სასარგებლო კონტრაქტი ნავთობის ტანკერის ასაგებად. არისტოტელემ ისევ ჭკუა იხმარა და ნავთობის ეპოქაში, რომელიც სწრაფად იკრებდა ძალას, სტანდარტული 9-ტონიანი ტანკერის შეძენის ნაცვლად 15-ტონიანი ტანკერის აგება გადაწყვიტა.
სხვათა შორის, სწორედ ონასისი ითვლება ახალი, სუპერტანკერის მშენებლობის იდეის ავტორად, მანვე გამოიყენა პირველმა გემის კრედიტით მშენებლობის სქემა მომავალი კონტრაქტების სანაცვლოდ. მართალია, დღეს მსგავსი სქემა სტანდარტად ითვლება, მაგრამ გასული საუკუნის დასაწყისში გონებამახვილურ ინოვაციად იქცა, რამაც ონასისი უმსხვილეს გემთმშენებლად და მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია.
* * *
მართალია, მეორე მსოფლიო ომმა სერიოზულად შეარყია ონასისის იმპერია, რადგან გემებთან ერთად 500 ათასი ტონა ტვირთიც სხვადასხვა ქვეყნის პორტში აღმოჩნდა დატყვევებული, მაგრამ არისტოტელე არც ამგვარ კრიზისს შეუშინდა და ისევ ძველ - თამბაქოს ბიზნესს დაუბრუნდა ბუენოს-აირესში, 1946 წელ კი, ნიუ-იორკში გადაბარგდა და პარკ-ავენიუზე, ჰოლივუდის ვარსკვლავის გრეტა გარბოს მეზობლად დაბინავდა რესპექტაბელურ აპარტამენტებში. ნიუ-იორკში გაიცნო ონასისმა ბერძნული წარმოშობის ბრიტანელი მაგნატი და გემთმშენებელი სტავროს ლივანოსიც, ვისი უმცროსი ქალიშვილი - ათენა მისი მეუღლე და ორი შვილის - ალექსანდრესა და კრისტინას დედა გახდა.
* * *
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ონასისის ბიზნესი არა უბრალოდ ამუშავდა, არამედ წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდა, რადგან მისმა ფლოტმა სხვადასხვა ქვეყანაში აგებული ასეულობით გემი გააერთიანა. არისტოტელემ უზარმაზარი მამული შეიძინა საფრანგეთის სამხრეთში, სადაც ევროპულ ელიტას - მწერალს სომერსეტ მოემს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უინსტონ ჩერჩილს და მონაკოს პრინცს რენიე მესამეს დაუახლოვდა.
1950-იანი წლების დასაწყისში ონასისმა მინიმალურ ფასად შეიძინა ამერიკული სამხედრო ფლოტის ნაწილი და არალეგალურად შექმნა ვეშაპზე სანადირო ფლოტილია, თუმცა საზოგადოების გავლენით, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა მის ბიზნესს, თავად ონასისს კი, "ვეშაპების მეკობრე" უწოდა, რესპექტაბელურობისა და რეპუტაციის შესანარჩუნებლად, 1956 წელს იაპონელებს მიჰყიდა საკუთარი საქმე.
ძველი ბიზნესის დათმობას მორიგი ახალი წამოწყება მოჰყვა. ონასისმა მონტე-კარლოში გადაწყვიტა გიგანტური პორტის აშენება. მართალია, პროექტმა 90 მილიონი დოლარი შეადგინა, მაგრამ ბიზნესმენის გათვლით, ახალი პორტი, რომელიც დღეში სულ მცირე 2 ათასს ტურისტს უმასპინძლებდა, ნამდვილად ღირდა სოლიდური ხარჯის გაწევად. ბიზნესის გასაძლიერებლად არისტოტელემ მონაკოს უმსხვილესი კომპანია "საზღვაო საზოგადოებაც" შეიძინა, რომელიც ყველაზე შემოსავლიან კლუბებს აერთიანებდა. თუმცა, მიხვდა, რომ მონაკოს სამთავროს შელახულ რეპუტაციას მისი გეგმების ჩაშლა შეეძლო, ამიტომ პრინც რანიეს არა მხოლოდ ურჩია, არამედ გააცნო კიდეც ამერიკელი ლამაზმანი, ალფრედ ჰიჩკოკის საყვარელი მსახიობი გრეის კელი, რომელიც მალე მონაკოს პრინცესა გახდა.
დიდგვაროვანი რენიესა და ჰოლივუდის ვარსკვლავის ქორწინებამ მართლაც გადაარჩინა მონაკოს რეპუტაცია და ერთი-ორად გაზარდა ტურისტთა ნაკადი, თუმცა თავად ონასის მოუვიდა წყვილთან სერიოზული კამათი, რამაც საგრაფოს დატოვება აიძულა. არისტოტელემ ნაკლებად განიცადა დანაკლისი, რადგან კუნძული სკორპიოსი შეიძინა, იონიის ზღვაში, რომელიც ნამდვილ სამოთხედ აქცია.
* * *
1950-იანი წლების ბოლოს იღბალი ისევ "ოქროს ბერძნის" მხარეს აღმოჩნდა, რომელმაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისგან მიიღო მიწვევა და დასუსტებული ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის შეთავაზება. ონასისი, რომელიც ყოველთვის პატრიოტად მიიჩნევდა საკუთარ თავს სიამოვნებით დაბრუნდა სამშობლოში, მით უფრო, რომ სწორად მართვის შემთხვევაში ახალი წამოწყებაც მეტად პერსპექტიულად გამოიყურებოდა. ონასისს ისევ არ უღალატა ალღომ, რადგან Olympic Airlines-ის განვითარებაში ჩადებულმა მილიონებმა სწრაფად გააორმაგა შემოსავალი. 1959 წელს არისტოტელემ კანადური ფრეგატი შეიძინა, რომელიც ყველა დროის ყველაზე მდიდრულ კერძო იახტად აქცია. 110-მეტრიან მცურავ სასახლეს ბიზნესმენმა ქალიშვილის - კრისტინას სახელი დაარქვა და ჯერ უინსტონ ჩერჩილს უმასპინძლა, მოგვიანებით კი, სწორედ იახტაზე გამოიჭირა მეუღლემ ოპერის დივასთან მარია კალასთან ერთად, ვისთანაც დიდი ხნის რომანი ჰქონდა.
* * *
კალასი და ონასისი თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი, რადგან ორივე ფიცხი, პატივმოყვარე და შურისმაძიებელი ბერძენი იყო. არისტოტელეს თავდავიწყებით უყვარდა მარია, ისე როგორც მარიამ დაკარგა თავი არისტოტელეს სიყვარულით. თუმცა, წყვილის ურთიერთობა დამღუპველი აღმოჩნდა მათი ოჯახებისთვის, რადგან კალასის მუღლე ნერვული შეტევით აღმოჩნდა კლინიკაში, ათენამ კი, განქორწინება მოსთხოვა მექალთანე ქმარს. მართალია, მარია დარწმუნებული იყო, რომ მალე მისის ონასისი გახდებოდა, მაგრამ ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით შეიტყო საგაზეთო პუბლიკაციიდან, რომ საყვარელმა მამაკაცმა ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის ქვრივზე იქორწინა.
"ჯონ კენედი მეორედ მოკვდა", - წერდა პრესა, რომელმაც ჟაკლინ კენედი მეუღლის ღალატსა და ანგარებით ქორწინებაში დაადანაშაულა. ჟაკლინი მართლაც უვარგისი ცოლი აღმოჩნდა არისტოტელესთვის, რადგან მხოლოდ საკუთარ და შვილების უზრუნველყოფილ მომავალზე ზრუნავდა, ამიტომ მოურიდებლად ხარჯავდა ონასისის ფინანსებს. მართალია, არისტოტელემ სწრაფად აღიარა შეცდომა და ჯეკისთან განქორწინების შემდეგ პარიზში ეწვია ძველ საყვარელს პატიების თხოვნით, მაგრამ კალასმა ღალატი ვერ აპატია. მეტიც, ამბობენ, თითქოს მარიამ ონასისის მთელი ოჯახი დაწყევლა, რაც ასრულდა კიდეც - 1971 წელს ჯერ კრისტინა გაიქცა სახლიდან და მამის ნების წინააღმდეგ გაჰყვა ცოლად ბევრად უფროსს, ხელმოცარულ "ფლეიბოის", მერე ერთადერთი ვაჟი - ალექსანდრე დაიღუპა ავიაკატასტროფაში, ბოლოს კი ათენა გარდაიცვალა ნარკოტიკების ჭარბი დოზით.
* * *
"ერთ დღეს ფულიც კარგავს აზრს", - აღნიშნა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ონასისმა, რომელიც ბოლო წლებში მიასთენიის გართულებით იტანჯებოდა და თვალის გახელაც კი უჭირდა. არისტოტელე ონასისი 1975 წლის 15 მარტს გარდაიცვალა 69 წლის ასაკში და კუნძულ სკორპიოსზე დაიკრძალა შვილის გვერდით.