* Stayin’ Alive - Bee Gees -
1976 წელს ჟურნალ New York-ში ნიკ კონის სტატია დაიბეჭდა, რომელიც ბრუკლინის ნაკლებად შეძლებული ახალგაზრდობის ახალ გატაცებას - დისკოს მიეძღვნა. სტატიის ავტორის განცხადებით, ახალმა მუსიკალურმა ჟანრმა ერთიანად გაიტაცა ახალგაზრდები, რომლებიც მძიმე კვირის ბოლოს საკუთარ უფერულ, უპერსპექტივო ცხოვრებას ივიწყებდნენ და ჭრელ, ხშირად ზედმეტად გამომწვევ სამოსში გამოწყობილი სტუმრობდნენ დისკო-ბარებს.
1970-იანი წლების ბოლოს დისკოც და დისკოთეკაც მარგინალურ, სუბკულტურულ მოვლენად ითვლებოდა, რადგან ტრადიციული ბარებისგან განსხვავებით, სადაც ან ბენდები უკრავდნენ ცოცხალი მუსიკას, ან სპეციალური ავტომატები უზრუნველყოფდნენ მუსიკალურ გაფორმებას, დისკოთეკის მთავარი მოქმედი გმირი - დიჯეი იყო, რომელიც თვითონ ირჩევდა რეპერტუარს და განსაზღვრავდა საღამოს პროგრამას, თუმცა დისკოთეკაზე მხოლოდ საცეკვავო მუსიკა ჟღერდა მექანიკური თანაბარი რიტმით, მარტივი ცეკვები მკაცრად განსაზღვრული მოძრაობებით კი, ჩვეულებრივ ჯგუფურად სრულდებოდა.
* * *
კონის სტატიით პროდიუსერი რობერტ სტიგვუდი დაინტერესდა, რომელსაც საინტერესოდ მოეჩვენა ფილმის გაკეთება ისეთ სოციალურ-მუსიკალურ მოვლენაზე, როგორიც დისკო იყო. სწორედ ასე გაჩნდა იტალო-ამერიკელი ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელიც მთელი კვირა საღებავების მაღაზიაში მუშაობს, უიკენდებზე კი, საცეკვავო მოედნის ნამდვილი მეფე ხდება.
მთავარი როლი მუსიკალურ ფილმში, რომელიც ჯონ ბედემმა დადგა და "შაბათი საღამოს ციებ-ცხელების" სახელი შეიძინა, იმ პერიოდში ნაკლებად ცნობილმა მსახიობმა ჯონ ტრავოლტამ შეასრულა, საუნდთრეკზე კი, ჯგუფმა Bee Gees-მა იმუშავა. აღსანიშნავია, რომ მცირებიუჯეტიანი ფილმი, რომლის წარმატებას არავინ ელოდა, დისკოს ეპოქის განსახიერებად იქცა და უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში.
მეტიც, სწორედ ბედემის ნამუშევრის წყალობით გაითქვეს სახელი ჯონ ტრავოლტამ და ძმებმა გიბებმა, ალბომმა Saturday Night Fever-მა კი, რომელმაც Bee Gees-ის ყველაზე წარმატებული კომპოზიციები გააერთიანა, 7 თვე ლიდერობდა Billboard 200-ის რეიტინგში, "გრემის" პრემია დაიმსახურა საუკეთესო ალბომის ნომინაციაში და 15-ჯერ გახდა ამერიკაში პლატინის სტატუსის მფლობელი.
სხვათა შორის, ჯონ ტრავოლტა, რომელიც მანამდე მხოლოდ სერიალებში მონაწილეობდა, მთელი რვა თვე ემზადებოდა ტონი მანეროს როლისთვის, დღეში რამდენიმე საათი ვარჯიშობდა და სწავლობდა ცეკვის ილეთებს. სწორედ მისი პერსონაჟი იქცა 1970-იანი წლების ახალგაზრდების კერპად, ცნობილი თეთრი პიჯაკი კი, 145 ათას დოლარად გაიყიდა Christie's აუქციონზე.
მართალია, თავიდან ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე სტივი უანდერი მუშაობდა, მაგრამ შეზღუდული ბიუჯეტის გამო პროდიუსერებს, რომელთაც ვერ შეძლეს ჰონორარის გადახდა, უანდერის საუნდთრეკზე უარის თქმა მოხდათ. სწორედ მაშინ მიმართა რობერტ სტიგვუდმა ძმებ გიბებს, ვისთანაც მანამდეც ინტენსიურად თანამშრომლობდა. აღსანიშნავია, რომ გიბებმა, რომლებიც იმ პერიოდში სხვა ალბომზე მუშაობდნენ, ერთ კვირაში შექმნეს რამდენიმე კომპოზიცია ფილმისთვის.
* * *
მართალია, "შაბათი საღამოს ციებ-ცხელების" წამყვან კომპოზიციას, დღეს უკვე საკულტოდ ქცეულ Stayin’ Alive-ს, ლეიბლის RSO Records-ის მესვეურების შეთავაზებით ფილმის ანალოგად Saturday Night უნდა დარქმეოდა, მაგრამ ბარი გიბმა შეთავაზება დაიწუნა, რადგან თრეკ-ლისტში უკვე იყო სიმღერა Night Fever მსგავსი სახელით.
რა თქმა უნდა, არავინ ელოდა კომპოზიციის ამგვარ პოპულარობას, ამიტომ მუსიკოსებმა თავად თქვეს უარი Stayin’ Alive-ის დამოუკიდებელ სინგლად გამოშვებაზე, თუმცა ფილმის თლეირის გამოსვლის შემდეგ, სიმღერამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. როგორც ამბობენ, ახალგაზრდა მელომანები გაუთავებლად რეკავდნენ რადიოსადგურებში და დაჟინებით მოითხოვდნენ მოწონებული კომპოზიციის გაშვებას.
თავად გიბებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ სიმღერის მიმართ, რადგან ერთის მხრივ, კომპოზიციამ მსოფლიო აღიარება მოუტანა, მეორეს მხრივ კი, სწორედ Stayin’ Alive-მა გადაუსვა ხაზი მთელ მათ შემოქმედებას - როკისა და სოფთ-როკის ჟანრში შექმნილ ნამუშევრებს, რადგან Bee Gees-მა დისკო-ჯგუფის სტატუსი შეიძინა, რაც მუსიკოსებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. მეტიც, ალბომის Saturday Night Fever-ის გამოსვლის შემდეგ, ჯგუფმა რამდენიმეწლიანი შესვენება აიღო, მუსიკოსებმა კი, დროებით უარი თქვეს საკონცერტო საქმიანობაზე და მხოლოდ კოლეგა მუსიკოსებისთვის კომპოზიციების შექმნით შემოიფარგლნენ.
* * *
1983 წელს ეკრანებზე სილვეტერ სტალონეს მუსიკალური დრამა "ცოცხლად გადარჩენა" გამოვიდა, რომელიც "შაბათი საღამოს ციებ-ცხელების" სიქველად იქცა, სახელი კი, სწორედ Bee Gees-ის კომპოზიციის Stayin’ Alive-ის წყალობით შეიძინა.
მართალია, კომპოზიციის გამოსვლიდან თითქმის 50 წელი გავიდა მაგრამ უბერებელი ჰიტი დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. მეტიც, მუსიკალური კრიტიკოსების მტკიცებით, სწორედ Bee Gees-ის Stayin’ Alive იქცა გარდამტეხად პოპულარული მუსიკის ისტორიაში, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მუსიკალური ინდუსტრია.
ამერიკული ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ "პლატინის სინგლად" აღიარებული Stayin’ Alive, ჟურნალ Rolling Stone-ის "ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის" ნუსხაში და ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტის "ასწლეულის ამერიკული ფილმების 100 საუკეთესო სიმღერის" რეიტინგში მოხვდა.
* * *
სხვათა შორის, Stayin’ Alive არა მხოლოდ მუსიკის სამყაროში, არამედ მედიცინის სფეროშიც ერთგვარ მოვლენად იქცა. ბრიტანელი და ამერიკელი მედიკოსები სწორედ Bee Gees-ის კომპოზიციას იყენებენ გულისა და ფილტვის რეანიმაციის უნარების ვარჯიშისას, რადგან სიმღერის რიტმი - 103 დარტყმა წუთში იდეალურად ერგება გულის არაპირდაპირ მასაჟს.