გერმანიის ფედერალური მთავრობა დღეს ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს. განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს მოვისმენთ. საკითხს ეხმაურებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების აღდგენისთვის საერთაშორისო პარტნიორების გზავნილების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.