ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს.
„რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული გავლენის აგენტები აწარმოებენ ვიდეოებს და ყალბ სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, ჩანერგონ შიში ამომრჩევლებში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციების გამო“, - აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (ODNI), გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) ერთობლივ განცხადებაში.
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება აცხადებს, რომ ეს მცდელობები ძალადობის წაქეზების საფრთხეს ქმნის, მათ შორის, საარჩევნო მოხელეების წინააღმდეგ.
„ჩვენ მოველით, რომ რუსი აქტორები ამ თემებზე დამატებით კონტენტს გამოაქვეყნებენ არჩევნების დღეს და არჩევნების დასრულებიდან მომდევნო დღეებსა და კვირებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მტკიცებით, რუსეთის გავლენის აქტორებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ყალბად ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები სხვადასხვა შტატებში გეგმავენ არჩევნების გაყალბების ორგანიზებას სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა და კიბერშეტევები.
„რუსეთის გავლენის აქტორებმა ასევე შექმნეს ვიდეო, რომელიც ყალბად ასახავდა ინტერვიუს პირთან, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არიზონაში არჩევნები ყალბდება, მათ შორის, ყალბი ბიულეტენების შექმნით და ამომრჩეველთა სიების შეცვლით ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის სასარგებლოდ. არიზონას სახელმწიფო მდივანმა უკვე უარყო ვიდეოში გამოთქმული ბრალდება და განაცხადა, რომ ეს სიყალბეა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მტკიცებით, აშშ-ის არჩევნებისთვის უცხოური გავლენის მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება ირანიც.