ახალი ბინები უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე ძველი, თუმცა რაოდენობრივად უფრო მეტი ე.წ. მეორადი ბინა გაიყიდა. როგორც თიბისი კაპიტალი მიმოხილვიდან ვიგებთ, მიმდინარე წლის სექტემბერში 730 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 30%-იანი, ხოლო თვის ჭრილში 17%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ძველ ბინებს, სულ 2 700 ტრანზაქცია აღინუსხა, რაც 11%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. კვლევის მიხედვით, იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 17%-ით, ხოლო თვის ჭრილში 2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური და მხოლოდ 1%-იანი ზრდა თვის ჭრილში. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინები გაყიდვებში კვლავ უდიდეს წილს (43%-ს) იკავებს,. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კვლავ 4% შეინარჩუნა. სექტემბერში, მაღალი საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 23% შეადგინა. ამავე მონაცემების თანახმად, 2024 წლის სექტემბერში, დიდი დიღომი ინარჩუნებს თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის ყველაზე დიდ წილს და მთლიანი გაყიდვების 26%-ი უჭირავს, ხოლო რიგით მეორე ადგილზე საბურთალოა - 15%-იანი წილით. ამასთან, ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა დიდუბეში, დიდ დიღომში, კრწანისში, სამგორსა და ჩუღურეთში დაფიქსირდა. „2024 წლის სექტემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში მცირედით ჩამორჩება 2000 დოლარს. ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა ისანში, კრწანისსა და გლდანში. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დიდ დიღომსა და კრწანისში დაფიქსირდა,“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.