რუსი ტურისტების ზრდის პარალელურად საქართველოში რუსული გაზის იმპორტი იზრდება, აზერბაიჯანულის კი მცირდება. შესაბამისად, იზრდება ქვეყანაში რუსული გაზის წილიც. კერძოდ, თუ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან შესყიდვებში რუსულ გაზზე მხოლოდ 12.2% მოდიოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ჩრდილოეთში დაახლოებით 90 მლნ დოლარის ბუნებრივი გაზი ვიყიდეთ, რაც გასული წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთისგან დაახლოებით 34 მლნ დოლარის ბუნებრივი აირი შევიძინეთ. რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, წელს ჯამში 250 მლნ დოლარის ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 306 მლნ დოლარის, და როგორც უკვე გითხარით, აქედან 36% რუსულ გაზზე მოდის. მიუხედავად რუსეთიდან იმპორტის ზრდისა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი რჩება. მას 2024 წლის 9 თვის მონაცემებით გაზის მთლიან იმპორტში 64% ეკავა, თუმცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 72.3%-ი იყო, 2022 წელს კი 87.8%-ი.