ოპოზიცია პერმანენტულ და უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს. სამი კოალიციური ძალა - ერთობა ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო და ცვლილებისთვის- მხარდამჭერებს ამჯერად 14 სააათზე, სპორტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები წინააღმდეგობის მსვლელობით ყოველდღიურად ყველა უბნისა და დიდი მაგისტრალის შემოვლას აპირებენ, ყოველ ორშაბათს კი რუსთაველის გამზირზე მთავარი აქციის მოწყობას. გუშინ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ოპოზიციამ საზოგადოებას ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლებზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. ქართული ოცნების კონკურენტები ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ , არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, იწყებენ წინააღმდეგობის ფრონტს მთელი ქვეყნის მასშტაბით და განაგრძობენ მტკიცებულებების შეგროვებას საერთაშორისო გამოძიების დასაწყებად.