საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია”, - წერს ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“.
თეთრიწყაროს სასამართლოში მიმდინარეობს საიას სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის საკითხზე.
საიას ინფორმაციით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.
„ მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია”, - ნათქვამია საიას ინფორმაციაში.