სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით სამი პოლიტიკური პარტიის მსვლელობა დაიწყო.
პარტიის ლიდერები “ძლიერი საქართველოს” ცენტრალური ოფისიდან ჯერ მარჯანიშვილის მოედანზე მივლენ, შემდეგ კი პარლამენტისკენ შენობისკენ გააგრძელებენ მსვლელობას.
როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ მსვლელობისას განაცხადა, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება.
“დაწყებულია უწყვეტი, პერმანენტული პროტესტი. ეს გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება. შეუძლებელია სხვაგვარად განვითარდეს პროცესები. დიახაც, მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება, ვიდრე არ აღდგება სამართლიანობა, სანამ ქართველი ხალხი არ ჩათვლის, რომ მისი არჩევანი არის დაცული. არავინ არავის არ აპატიებს არჩევნების მოპარვას, ევროპული მომავლის მოპარვას. ეროვნული სულისკვეთების ჩახშობა არის გამორიცხული.
საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ქართული დამოუკიდებელო ოპოზიციური ძალების მიმართ ნდობის ხარისხი გამოავლინა და უკეთესს მომავლის მისცა ხმა. ქართველ ხალხთან ერთად გაერთიანებულები ვართ ამ მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო. თბილისი ამ პროცესში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. ახალი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოსთვის აუცილებლად იქნება ჩატარებული”, - განაცხადა მელიამ.
მსვლელობის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით “გაიღვიძე საქართველო”.
სამი პოლიტიკური გაერთიანება: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველო” რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან.
სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი თუ როგორი იქნება ოპოზიციის პროტესტის ფორმები და სამოქმედო გეგმა.