გაერო-ს გენერალური მდივანი ჩრდილოეთკორეელი სამხედროების რუსეთში გაგზავნის, მათ შორის, კონფლიქტის ზონაში მათი შესაძლო განთავსების შესახებ ცნობების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ანტონიო გუტერეშის თქმით, ეს უკრაინაში მიმდინარე ომის ძალიან საშიში ესკალაცია იქნება. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გაფართოების თავიდან აცილებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. გაერო-ს გენერალური მდივანი მხარდაჭერას უცხადებს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში სამართლიანი, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარებისკენ გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისადაა მიმართული. სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ფხენიანმა რუსეთში, სულ მცირე, 10 ათასი სამხედრო უკვე გაგზავნა.