საფრანგეთის ქალაქ პუატიეს ერთ-ერთ რესტორანში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლა მასშტაბური დაპირისპირების მიზეზი გახდა. დაშავებულია, სულ მცირე, ხუთი მოზარდი. შემთხვევა 1 ნოემბერს საღამოს მოხდა. დაშავებული მოზარდებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრუნო რეტაიოს თქმით, რესტორანში მომხდარი სროლის შემდეგ ქუჩაში 400-დან 600-მდე პირი გამოვიდა, რომლებიც სხვადასხვა სახის იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლაში ჩაერთო. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო. დაპირისპირებული მხარეები ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალეს. რეტაიოს განცხადებით, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულმა ძალადობამ საფრანგეთში უკვე საგანგაშო ზღვარს მიაღწია. მისი თქმით, ის მომავალ კვირას, მარსელში წარადგენს ტრეფიკინგთან ბრძოლის ახალ მიდგომებს, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავა.