ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცსა და 5000 პოლიციელს გაგზავნის, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. წყალდიდობიდან მეოთხე დღეს მაშველები ცხედრებს მანქანებსა და შენობებში ჯერ კიდევ ეძებენ. დაკარგულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 2000 ჯარისკაცი, ათასობით მოხალისე, 2500 სამოქალაქო გვარდიის წევრი და 1800 პოლიციელია ჩართული. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში წყალდიდობას 205 ადამიანი ემსხვერპლა. ვალენსიაში 202 ადამიანი დაიღუპა, ორი - კასტილია ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი - ანდალუსიაში.