ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ჰაიტელი პირები ჯორჯიის შტატში ხმას არალეგალურად აძლევენ, „რუსეთის გავლენის აგენტებმა“ მოამზადეს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) და აშშ-ის სხვა სადაზვერვო სამსახურები ავრცელებენ.
„სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჰაიტიდან არიან და ჯორჯიის შტატის რამდენიმე ოლქში ხმას არალეგალურად აძლევენ, „რუსეთის გავლენის აგენტებმა“ მოამზადეს. ეს ქმედებები მოსკოვის ფართო ძალისხმევის ნაწილია, აშშ-ის არჩევნების მთლიანობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო კითხვები გააჩინოს და ამერიკელებს შორის განხეთქილება გააღვივოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„გუშინ ხმა გვინეტის ოლქში მივეცით, დღეს კი ხმას ფულტონის ოლქში ვაძლევთ. ყველა საბუთი გვაქვს, მართვის მოწმობა. ყველა ჰაიტელს ვიწვეთ, რომ ამერიკაში ჩამოვიდნენ და ოჯახები ჩამოიყვანონ“, - აცხადებს ერთ-ერთი პირი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა, ბრედ რაფენსპერგერმა განაცხადა, რომ ვიდეო „აშკარად ყალბია და სავარაუდოდ, რუსი ტროლების პროდუქტს წარმოადგენს“.