არ არის ევროპული ღირებულება, როდესაც LGBT კანონის გაუქმებას მოგვიწოდებენ. ჩვენ სხვანაირი ევროპა ვიცით! - ხელიც რომ შეგვიშალოს დროებით რაღაცაში, ჩვენ ამ „ღირებულებას“ არ გავითვალისწინებთ. გვირჩევნია, 2-3 წლით დაგვაგვიანდეს რაღაც, მაგრამ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს არასდროს გავაუქმებთ! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ისეთ ღირებულებებს კი, რაც რეალური, ეროვნული და ტრადიციულია, არ დათმობენ.
„გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას ზუსტად ისე, როგორც აქამდე. ვაგრძელებთ სვლას ზუსტად ისე, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი და ვასრულებთ.
კანდიდატის სტატუსი მივიღეთ დიდი ბრძოლით! მაშინაც გვქონდა ანტიქართული განცხადებების კასკადი. 1 წლის განმავლობაში, დაგვიანებით სამართალი ჩვენთანაც მოვიდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ ბრძოლით.
რაც შეეხება ღირებულებებს, არ არის ევროპული ღირებულება, როდესაც მოგვიწოდებენ LGBT კანონის გაუქმებას. ჩვენ სხვანაირი ევროპა ვიცით, სხვანაირ ევროპაში გვინდა. დარწმუნებული ვარ, კონსერვატიული ძალები გაიღვიძებენ ევროპაში და მიხვდებიან, რომ ტრადიციული, ქრისტიანული, ეროვნული ღირებულებები ქვეყნის რეალური მენტალობიდან გამომდინარე ბევრ ევროპულ ქვეყანაში კიდევ უფრო დაფასებული გახდება. ვერავინ გაბედავს, რომ საქართველო მოუწოდოს „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ გააუქმოს, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი გააუქმოს, რასაც არ ვიზამთ. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ევროპული ღირებულებაა LGBT პროპაგანდა, ჩვენ ამ ღირებულებებს არ გავითვალისწინებთ არასდროს! ხელიც რომ შეგვიშალოს დროებით რაღაცაში, ჩვენ ამ „ღირებულებას“ არ გავითვალისწინებთ. გვირჩევნია, 2-3 წლით დაგვაგვიანდეს რაღაც, მაგრამ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს არასდროს გავაუქმებთ!
2-5 წელიც დავიცდით, უფრო გვიან მოვა ჩვენთან სამართალი, ოღონდ ასეთ ღირებულებებს რაც რეალური, ეროვნული, ტრადიციულია, არ დავთმობთ! არ გავწირავთ საკუთარი პოლიტიკური, მერკანტილურ-პოლიტიკური მიზნებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის ღირსებულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალს. ხომ ყველას ეგონა, რომ რთული იქნებოდა მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასე გავხდებით ევროპის სრულფასოვანი ოჯახის წევრი“, - აღნიშნა მდინარაძემ.