ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 2024 წლის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ანგარიშში საუბარია არჩევნების დღეს ჯამში 490 დარღვევაზე, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირდა. სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში 294 საჩივარი და 64 შენიშვნა წარადგინა. ორგანიზაცია იუწყება, რომ კენჭისყრის შენობაში გამოვლინდა ისეთი სახის დარღვევები, როგორებიცაა ბიულეტენების ჩაყრა , მრავალჯერადი ხმის მიცემა, დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა, მარკირების პროცედურის წესის დარღვევა, ხმის ფარულობის დარღვევა და ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები. ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.