„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და ორი თვის ვადაში დასრულდება.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ არსებული სატრანსპორტო კვანძი ვერ უზრუნველყოფს ავტომობილების ნაკადების შეუფერხებლად გატარებას. ხშირად იქმნება საცობები, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, ხოლო პიკის საათებში მოძრაობა თითქმის პარალიზებულია და მოძრაობის განტვირთვას საათები სჭირდება. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიც საკმაოდ დაზიანებულია და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის სათანადო პირობები არ არსებობს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის გაფართოება და გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია-განახლება. პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ლამპიონები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი შუქნიშნები. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. „„ლაგუნა ვერეს„ ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტების მფლობელებთან შედგა მოლაპარაკება და მერიის მუნიციპალიტეტის მხრიდან ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 200 000 ლარით დაფინანსდება.