კომერციულმა ბანკებმა ცხრა თვე 2 მილიარდ 301 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურეს, საიდანაც 48.6% მხოლოდ ერთ ბანკზე მოდის.
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკებმა ცხრა თვე 2 მილიარდ 301 მილიონ 830 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ზარალზე კი 17-დან 5 ბანკი გავიდა. ანგარიშგებების მიხედვით, 2024 წლის ცხრა თვეში ერთ მილიარდს გადააჭარბა „საქართველოს ბანკის“ წმინდა მოგებამ და მილიარდ 120 მილიონ 236 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ მხოლოდ ერთ ბანკზე მთლიანი კომერციული ბანკების წმინდა მოგების 48.6% მოდის. მოგების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“, საანგარიშო პერიოდში აღნიშნულმა ბანკმა 894 მილიონ 778 ათასი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც მთლიანი მოგების 38.6%-ია.