* ხულიო იგლესიასი -
გასული წლის სექტემბერში ესპანელმა მუსიკოსმა, მსოფლიო ჰიტების Nathalie-სა და El amor-ის ავტორმა ხულიო იგლესიასმა 80 წლის იუბილე აღნიშნა. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე იგლესიასმა 300 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და კომერციულად ყველაზე წარმატებული ესპანელი მუსიკოსის სტატუსი შეიძინა.
* * *
მომავალი მუსიკოსი 1943 წლის 23 სექტემბერს დაიბადა მადრიდში, ცნობილი ექიმის, ესპანეთის ყველაზე ახალგაზრდა გინეკოლოგად მიჩნეული ხულიო იგლესიას-პუგას შეძლებულ ოჯახში. "საგრადოს კორასონეს" პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლისას მოზარდი ხულიო ფეხბურთმა გაიტაცა, 16 წლისა კი, "მადრიდის რეალის" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა მეკარის პოზიციაზე.
იგლესიასი, რომელიც არც კი ფიქრობდა მუსიკოსობაზე, მით უფრო, რომ სკოლის გუნდში მიღებაზეც უარი უთხრეს, პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა მისი გეგმები 1963 წლის სექტემბერში მომხდარმა ავტოკატასტროფამ ჩაშალა, როცა ხერხემლის უმძიმესი ტრავმით იგლესიასი მთელი ორი წლით მოხვდა საავადმყოფოში და პრაქტიკულად თავიდან ისწავლა სიარული.
გულის გადასაყოლებლად მშობლებმა გიტარა მიუტანეს ხულიოს კლინიკაში და სწორედ მაშინ, სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა საკუთარ თავში მუსიკალური ნიჭი. თუმცა, იგლესიასმა ნაკლებად ისარგებლა ახლად აღმოჩენილი ტალანტით, რადგან მკურნალობის დასრულების შემდეგ ჯერ მადრიდის უნივერსიტეტში ჩააბარა იურისპრუდენციის შესასწავლად, მერე ბრიტანეთში გაემგზავრა, კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებულ Bell Educational Language School-ში დახვეწა ინგლისური ენა და მხოლოდ ესპანეთში დაბრუნების შემდეგ ჩააბარა მადრიდის საოპერო სკოლაში Real Academia de Bellas Artes de San Fernando-ში, რომელიც ტენორის კლასით დაასრულა.
* * *
იგლესიასის მუსიკალური დებიუტი 1968 წელს შედგა, როცა კომპოზიციით La Vida Sigue Igual ("ცხოვრება გრძელდება") არა მხოლოდ ბენიდორმის სიმღერის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, არამედ Columbia Records-ის ესპანურ წარმომადგენლობასთანაც გააფორმა კონტრაქტი. 2 წლის შემდეგ იგლესიასმა ევროვიზიის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისმა კომპოზიციამ Gwendolyne-მა მხოლოდ მეოთხე პოზიცია დაიკავა.
კარიერის მანძილზე იგლესიასმა, რომლის პოპულარობის პიკმა 1980-იანი წლების ბოლოს მიაღწია, 80 ალბომი და რამდენიმე ათეული ესპანურენოვანი ჰიტი ჩაწერა, გინესის რეკორდების წიგნში კი, ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ესპანელ შემსრულებლად შევიდა.
* * *
რა თქმა უნდა, ყველა მუსიკოსს შესრულების საკუთარი სტილი და მანერა აქვს. არ აღმოჩნდა გამონაკლისი არც იგლესიასი, რომელიც ყოველთვის თვალდახუჭული მუზიცირებდა სცენაზე, თუმცა სავიზიტო ბარათად ქცეული შესრულების მანერა არა იმდენად კარგად მოფიქრებული საიმიჯო ტრიუკი, რამდენადაც ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული აუცილებლობა აღმოჩნდა.
როგორც გაირკვა, ავბედითი ავტოკატასტროფის შემდეგ მუსიკოსს მოტორიკის ფუნქცია დაერღვა, ხშირად კარგავდა წონასწორობას და უჭირდა სივრცეში ორიენტაცია. "თვალების დახუჭვით ინტუიტიურად ვპოულობ საკუთარ თავს, რაც სიტუაციის გაკონტროლებაში მეხმარება", - აღიარა იგლესიასმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
* * *
მუსიკალური კარიერის პარალელურად იგლესიასმა რომანტიკული თავგადასავლებითაც გაითქვა სახელი. მეტიც, ამბობენ თითქოს მექალთანე მუსიკოსმა, რომელმაც დონ ჟუანთან ერთად კაზანოვაც უკან ჩამოიტოვა 3 ათასზე მეტი ქალბატონი მოხიბლა. ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი პირველი ტურნეს დროს ესპანეთში, იგლესიასმა თავად აღნიშნა, რომ ყველა ქალაქში საყვარელი ქალი ჰყავდა, მაშინ როცა მისმა საგასტროლო ტურმა მთელი 41 ქალაქი გააერთიანა. მოგვიანებით იგლესიასმა დღიურის წარმოება დაიწყო, რომელშიც საკუთარ გამარჯვებებს აღნუსხავდა და როგორც თავად განაცხადა, სულ რამდენიმე წელიწადში აღნიშნა საიუბილეო მე-500 გამარჯვება.
ქალბატონების უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად, 1971 წელს იგლესიასმა ოფიციალურად იქორწინა ჟურნალისტზე ისაბელ პრეისლერზე, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში დაუფარავად განაცხადა: "არ ღირს ვამტკიცო, თითქოს დიდი სიყვარულით ვიქორწინეთ, უბრალოდ მე დავორსულდი, ხულიო კი, იძულებული გახდა ცოლობა ეთხოვა. მეტიც, მღვდელმა, რომელმაც ჯვარი დაგვწერა, სინანულით აღნიშნა, რომ არასდროს უნახავს ასეთი ნაღვლიანი პატარძალი".
უფროსი ქალიშვილის გარდა, რომელიც ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დაიბადა, წყვილს კიდევ ორი ვაჟი - ხულიო-უმცროსი და ენრიკე შეეძინა, რომელმაც მოგვიანებით მამის გზა აირჩია და იმდენად სერიოზული კონკურენცია გაუწია, ამბობენ თითქოს უფროსმა იგლესიასმა დღემდე ვერ აპატია შვილს წარმატება.
7-წლიანი ქორწინების შემდეგ ისაბელმა ვეღარ გაუძლო მეუღლის მუდმივ ღალატს და განქორწინება მოსთხოვა, რაც დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდა. თავად ხულიომ კი, ბევრად გვიან იქორწინა მოდელზე მირანდა რიინსბურგერზე, რომელთანაც 20-წლიანი რომანი და ხუთი შვილი აკავშირებდა.
დღეს იგლესიასი დომინიკელთა რესპუბლიკაში ცხოვრობს მეორე მეუღლესა და შვილებთან ერთად, ვისთანაც მთელ დროს ატარებს, მით უფრო, რომ უმცროსი შვილი მხოლოდ ხუთი წლისაა. იგლესიასის უფროსი შვილის - ხულიოს განცხადებით, რომელმაც მშობლების განქორწინების მიუხედავად, მაინც თბილი ურთიერთობა შეინარჩუნა მამასთან, ხანდაზმული მუსიკოსი განსაკუთრებით აფასებს სიმშვიდეს და პრივატულობას, ამიტომ ყოველთვის უარს ამბობს ჟურნალისტების მასპინძლობაზე.
მუსიკოსი დღესაც დიდ დროს უთმობს შემოქმედებას, თუმცა მისი ავტორობით შექმნილი კომპოზიციები არა პუბლიკისთვის, არამედ ახლობლებისთვის იქმნება.