* კოფი ანანი -
ნობელის პრემიის ლაურეატი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მე-7 გენერალური მდივანი და ცნობილი პროგრამის "ნავთობი საკვების სანაცვლოდ" ავტორი კოფი ანანი პირველი შავკანიანი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწეა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის სათავეში. სწორედ მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა შეერთებული შტატების ომი ერაყსა და ავღანეთში, შიდსთან ბრძოლის კამპანიის პიკი და უთანხმოება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შორის.
მართალია, პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი ანანის დამსახურებად მიიჩნევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტის გაძლიერებას, მაგრამ მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ სწორედ მისი მმართველობით დაკარგა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პოლიტიკური წონა და გავლენა.
* * *
კოფი ატტა ანანი 1938 წლის 8 აპრილს დაიბადა თანამედროვე განას, თუმცა იმ პერიოდში ბრიტანეთის კოლონიის - ოქროს სანაპიროდ წოდებული ქვეყნის ტერიტორიაზე, აშანტის პროვინციის გუბერნატორის ოჯახში, რომელიც ადგილობრივ არისტოკრატიას წარმოადგენდა. ანანის ბაბუები აკანის იმ ეთნიკურ ჯგუფს მიკუთნებული განური ტომის - ფანტის უმაღლესი ბელადების ტიტულს ატარებდნენ, რომელთა ხალხები თანამედროვე განასა და კოტ-დ'ივუარშიც ელიტას შეადგენენ.
აღსანიშნავია, რომ კანის ფერის მიუხედავად, აფრიკის კონტინენტზე მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს ყოველთვის "შავ-თეთრებად" მოიხსენიებდნენ, რადგან მასისგან განსხვავებული ევროპული ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, ხარისხიან განათლებას იღებდნენ და ყოველთვის მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.
სხვათა შორის, აკანის ხალხების ტრადიციის მიხედვით, ახალშობილს ან კვირის იმ დღის მიხედვით არქმევდნენ სახელს, რომელ დღესაც დაიბადა ან უფროსი და-ძმის რაოდენობის შეკრებით. გამონაკლისად არც კოფი ანანი იქცა, რომლის სახელი "პარასკევს დაბადებულს" ნიშნავს.
* * *
პოლიგლოტმა ანანმა, რომელიც რამდენიმე აფრიკულ ენას ფლობდა და თავისუფლად ლაპარაკობდა ფრანგულად და ინგლისურად, სამ კონტინენტზე, ოთხ უმაღლეს სასწავლებელში მიიღო განათლება. განას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ფორდის საქველმოქმედო ფონდის პროგრამის წყალობით კოფი ამერიკაში გაემგზავრა და მაკალესტერის კოლეჯში დაიცვა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი. მოგვიანებით, შვეიცარიაში, ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში აიმაღლა ეკონომისტის კვალიფიკაცია, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კი, მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი დაიცვა.
* * *
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ანანმა ჯერ კიდევ ჟენევის უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო მუშაობა, როცა 1962 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში გაწევრიანდა. 1974-1976 წლებში ანანი აკრაში, სახელმწიფო კომპანიაში ცდილობდა განას ტურიზმის განვითარებას, საიდანაც ჯერ ადის-აბებაში, გაეროს აფრიკული ქვეყნების ეკონომიკის კომისიაში, მერე ისმაილიაში გადაინაცვლა და გაეროს განსაკუთრებული დანიშნულების შეიარაღებულ ძალებში იმსახურა.
1977 წელს ანანმა გაეროს ლტოლვილთა საქმეთა მმართველობა ჩაიბარა უმაღლესი კომისრის პოსტზე, 1981 წელს კი, ჟენევის საერთაშორისო სკოლის მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შევიდა. 1983 წლის ბოლოს გაეროს სამდივნოს ადმინისტრაციული სამსახურის დირექტორი გახდა, 4 წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწედ დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და გაეროს სისტემების უსაფრთხოების კოორდინატორად, საიდანაც 1990 წელს გენერალური მდივნის თანაშემწის პოსტი ჩაიბარა პროგრამების დაგეგმვის, ბიუჯეტის, ფინანსებისა და კონტროლის საკითხებში.
1992 წელს, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ეგვიპტელმა ბუტროს ბუტროს გალიმ მშვიდობის შენარჩუნების დეპარტამენეტი შექმნა, ანანმა ჯერ ახალ უწყებაში გადაინაცვლა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, გენერალური მდივნის მარაკ გულდინგის მოადგილედ დაინიშნა. 1993-1996 წლებში ანანი სამშვიდობო ოპერაციებს კურირებდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტზე, 1995-1996 წლებში კი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი გახდა იუგოსლავიაში.
* * *
კოფი ანანი, რომელმაც რიგითი მოსამსახურის პოზიციიდან დაიწყო კარიერა, 1996 წელს პირველი შავკანიანი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე. აღსანიშნავია, რომ თანამდებობა აფრიკელმა დიპლომატმა წინამორბედის - ბუტროს ბუტროს გალის მარცხის წყალობით მიიღო, რომელსაც მწვავე კონფლიქტი ჰქონდა შეერთებულ შტატებთან. 1995 წელს გალიმ მკაცრად გააკრიტიკა ნატოს საჰაერო ძალების მოქმედება, რომელთაც უმოწყალოდ დაბომბეს სერბეთის ტერიტორია, ანანამა კი, პირიქით მხარი დაუჭირა მასიურ საჰაერო თავდასხმას.
გენერალური მდივნის არჩევნებში, რომელშიც გალი მეორედ იყრიდა კენჭს, შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო მის კანდიდატურას, რასაც ამერიკის პრეზიდენტის ბილ კლინტონის გამოსვლა მოჰყვა, რომლის განცხადებით, გალის გამარჯვების შემთხვევაში, მას ძალიან გაუჭირდებოდა კონგრესის დარწმუნება გამოეყო გაეროს ბიუჯეტისთვის 1,45 მილიარდი დოლარი. ერთკვირიანი დებატებისა და გალის კანდიდატურის უარყოფის შემდეგ, გაეროს გადაწყვეტილებით ყველაზე შესაფერისად გენერალური მდივნის პოსტზე სწორედ ანანი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველთვის წევრი ქვეყნების დოტაციებით ფუნქციონირებდა, რომელთა შორის მთავარი დონორი სწორედ შეერთებული შტატები იყო.
თუმცა, ანანი არა მხოლოდ პირველი შავკანიანი, არამედ არამედ ორგანიზაციის პირველი თანამშრომელიც გახდა გაეროს უმაღლეს პოსტზე, რადგან მანამდე გაერთიანებულ ერებს მხოლოდ ცნობილი საერთაშორისო დიპლომატები ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც გაეროში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ.
* * *
პირველ ოფიციალურ გამოსვლაში, რომელიც კოფი ანანმა 1997 წლის პირველ იანვარს, პოსტზე დანიშვნის შემდეგ გააკეთა, გლობალური პოლიტიკური მდგომარეობა იქნა განხილული, "თანამედროვე სამყაროში უკიდურესად არათანაბრადაა გადანაწილებული პასუხისმგებლობა სახელმწიფოებს შორის. მარტივია სუსტი და ღარიბი ქვეყნების პასუხისმგებლობისკენ მოწოდება და ვალდებულებების დაკისრება, რადგან მათ უცხოური დახმარება სჭირდებათ, მაშინ როცა, იმ მსხვილი და ძლიერი სახელმწიფოების გაკონტროლება, რომლებიც უზარმაზარ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, მხოლოდ თავისივე მოქალაქეებს და შიდასახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს შეუძლიათ.
ჩვენ არა მხოლოდ თანამედროვეების, არამედ მომავალი თაობების წინაშეც ვალდებული ვართ ვაგოთ პასუხი იმ რესურსების დაცვაზე, რომლებიც მათაც ისევე ეკუთვნით, როგორც ჩვენ და რომელთა გარეშე ვერცერთი ჩვენგანი ვერ იარსებებს. ჩვენი უმოქმედობის ყოველი დღე ზრდის იმ ხარჯის ტვირთს, რომელთა ზიდვა ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოუწევთ", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
* * *
ანანმა პოსტზე დანიშვნისთანავე სცადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ძირეული ცვლილებების განხორციელება. ახალმა გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციის შემცირების ხარჯზე მოინდომა მისი ეფექტურობის გაძლიერება და ჯერ ნიუ-იორკის შტაბ-ბინის აპარატის 1000 თანამშრომლით, მერე ორგანიზაციის სამდივნოსა და მისი დოკუმენტბრუნვის შემცირების გეგმა წარმოადგინა, თუმცა ორგანიზაციის თანამშრომელთა წინააღმდეგობის გამო, რომელიც ექსპერტთა შეფასებით ფარულად იქნა ორგანიზებული მაღალჩინოსნების მიერ, ანანის რეფორმატორულმა გეგმამ კრახი განიცადა.
* * *
აღსანიშნავია, რომ ანანაის მმართველობის პერიოდი გაეროს ყველაზე მასშტაბურ სამშვიდობო მისიის პიკს დაემთხვა, რადგან 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ორგანიზაციის წარმომადგენელთა რიცხვმა მაქსიმუმს მიაღწია მთელ მსოფლიოში. მონაცემების თანახმად 1995-1998 წლებში 70 ათასი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი მსახურობდა მსოფლიოს 77 ქვეყანაში.
* * *
მართალია, თავის დროზე ანანმა სერბეთის დაბომბვას დაუჭირა მხარი, მაგრამ 2003 წელს, უკვე მეორე ვადით არჩეულმა კატეგორიულად გააპროტესტა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი სამხედრო კოალიციის შეჭრას ერაყში, რადგან ჩათვალა, რომ არც ძალის გამოყენების, არც სამხედრო ოპერაციის განხორციელების აუცილებლობა არ არსებობდა.
* * *
2000 წლის აპრილში, კოფი ანანის რედაქტირებით, ახალი ათასწლეულისადმი მიძღვნილი მოხსენება "ჩვენ, ხალხები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი 21-ე საუკუნეში" გამოქვეყნდა, რომელმაც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს სიღარიბისა და უთანასწორობის საბოლოოდ დამარცხებისა და სხვადასხვა ეროვნების ხალხების კონფლიქტებისა და ძალადობისგან დაცვისკენ, განათლების ეფექტურობის გაზრდის, გარემოს დაცვისა და შიდსის წინააღმდეგ აქტიურად ბრძოლისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მოხსენება საფუძვლად დაედო "ათასწლეულის დეკლარაციას", რომელიც ქვეყნებისა და მთავრობის მეთაურებმა მიიღეს ათასწლეულის სამიტის დროს 2000 წლის სექტემბერში.
ამასთანავე, ანანი ყოველთვის აქტიურად იბრძოდა აფრიკაში შიდსის გავრცელების წინააღმდეგ, მუდმივად უზრუნველყოფდა ნაკლებად შეძლებულ მოსახლეობას მედიკამენტებითა და სამედიცინო მომსახურებით, 2001 წელს კი, მოხსენება "მოწოდება მოქმედებისკენ" გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად ჩამოაყალიბა შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა.
* * *
2001 წელს კოფი ანანი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა მშვიდობის დარგში, რადგან ნობელის კომიტეტის განცხადებით, "ანანამა სხვაზე ბევრად მეტი წვლილი შეიტანა გაეროს განახლებასა და განვითარაში". " ვერცერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას სხვა ქვეყნების ხარჯზე და მათზე უპირატესობის მოპოვებით. ჩვენ პასუხს ვაგებთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე და მხოლოდ ერთმანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფით შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ ჩვენივე უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი", - აღნიშნა ანანმა სამადლობელ სიტყვაში.
* * *
სკანდალური აღმოჩნდა ანანისთვის 2004 წელი. გენერალური მდივანი ჯერ ბრიტანეთის დაზვერვის МI-6-ის სამიზნედ იქცა, რადგან გაირკვა, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები არა მხოლოდ მის გადაადგილებას აკონტროლებდნენ, არამედ საუბრებსაც უსმენდნენ. მოგვიანებით კი კორუფციულ გარიგებებში ამხილეს, რადგან აღმოჩნდა, რომ მისმა უფროსმა შვილმა კონკურსის გარეშე გააფორმა ერაყული პროგრამის "ნავთობი საკვების ნაცვლად" რეალიზების კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან Cotecha Inspection-თან, სანაცვლოდ კი, საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო. უფრსმა ანანმა კატეგორიულად უარყო მსგავსი გარიგება, მით უფრო, რომ არც ოფიციალური მტკიცებულებები იქნა მოძიებული ბრალდების დასამტკიცებლად.
* * *
მართალია, 2006 წელს კოფი ანანმა გაეროს გენერალური მდივნის პოსტი დატოვა, მაგრამ მაინც აქტიურად გააგრძელა დიპლომატიური მისიები ორგანიზაციის ფარგლებში. 2012 წელს ანანი გაერთიანებული ერების სპეციალური ელჩი გახდა არაბული ქვეყნების ლიგასა და სირიაში, სადაც ვალდებულებების გეგმა შეიმუშავა მთავრობებისა და ოპოზიციისთვის. ანანის გეგმა შეიარაღებულ ძალადობაზე უარის თქმას, დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას ითვალისწინებდა. მართალია, შეთავაზება ერთხმად მიიღო გაეროს უსაფრთხოების საბჭომ, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა მტრად ქცეული მხარეების დათანხმება მის შესრულებაზე.
* * *
ნობელის ლაურეატი ანანი, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიპლომატია მსოფლიო ისტორიაში, რომლის წვლილი და დამსახურება მრავალგზის აღინიშნა სხვადასხვა საერთაშორისო პრემიით - კეთილი იმედის პირველი ხარისხის ორდენით დაწყებული, ვესტფალის მშვიდობის პრემიით დასრულებული.