პუტინი უკრაინაში გამარჯვებას ჩრდილოეთ კორეის დახმარებითაც კი ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან, კიმ იონ ჰიონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არსებობს მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ რუსეთში წვრთნებისთვის დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა და ჯარისკაცების ნაწილი უკვე უკრაინასთან ახლოს გადაადგილდა“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
მისივე თქმით, შეშფოთებულია, რომ კრემლი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების კურსკის ოლქში გამოყენებას გეგმავს.
„პუტინი უკრაინაში გამარჯვებას ჩრდილოეთ კორეის დახმარებითაც კი ვერ მიაღწევს, მაგრამ ეს ღრმად შემაშფოთებელი მოვლენების განვითარება, სამხრეთ კორეასთან და სხვა მოკავშირეებთან ჩვენი ალიანსის მნიშვნელობას ხაზს უსვამს“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.