საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტმა საზოგადოების პოზიცია ორად გაყო. ერთი ნაწილი გუშინ რუსთაველის გამზირზე ორბანის ესკორტის გამოჩენას სტვენითა და შეძახილებით შეხვდა. მეორე ნაწილი კი ორბანის ვიზიტს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქტად მიიჩნევს და მას დადებითად აფასებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინზე საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები - კერძოდ კი ეროვნული იდენტობა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების სურვილი აერთიანებთ. ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულია, ხოლო „ქართული ოცნების“ პროევროევროპულობის ეჭვ ქვეშ დაყენება სასაცილოა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უნგრეთის პრემიერის მხარდამჭერი გზავნილები არ უკვირთ. ისინი მთავარ არგუმენტად ვიქტორ ორბანის პრორუსულ პოლიტიკას ასახელებენ. გარდა ამისა, ევროპელი ლიდერების განცხადებებიდან ირკვევა, რომ ვიქტორ ორბანს საქართველოში ვიზიტისთვის ევროპული საბჭოსგან შესაბამისი მანდატი არ მიუღია. მათი თქმით, უნგრეთის პრემიერი ამ ვიზიტის დროს ევროკავშირს არ წარმოადგენს.