უძრავი ქონების გაყიდვებში რუსეთის მოქალაქეების წილი 2%-მდე შემცირდა - Palitra News

უძრავი ქონების გაყიდვებში რუსეთის მოქალაქეების წილი 2%-მდე შემცირდა

2024-10-29 14:04:39+04:00

უძრავი ქონების გაყიდვებში რუსეთის მოქალაქეების წილი 2%-მდე შემცირდა. Galt And Taggart-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა.

რუსეთის მოქალაქეების წილი გაყიდვებში 6%-იდან 2%-მდე შემცირდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეების წილი 4%-იდან 11%-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შესყიდვების მზარდი წილი მიუთითებს ბაზარზე გაზრდილ დივერსიფიკაციაზე. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები კი უცვლელი დარჩა. გაყიდვებში საშუალო ზომის ბინები ჭარბობს, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. ასევე შემცირებულია ბიუჯეტური კლასის სეგმენტის წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ მაისის შემდეგ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად უმჯობესდება. ჯამურად 2024 წლის მესამე კვარტალში ბინების გაყიდვების რაოდენობა 7.3%-ით გაიზარდა პირველ კვარტალთან შედარებით, რაც ივლისში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტის გაყიდვების დაწყებით იყო გამოწვეული. პროექტებში, რომელთა დამთავრებაც 2024 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების მარაგის 94% გაყიდულია. ამასთან, იმ პროექტებში რომლებიც 2027-28 წლებში სრულდება ბინების 30%-ია უკვე გაყიდული.მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი შესრულებულია დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით.