საქართველოში წარმოებული ნავთობი და ნავთბპროდუქტები ძირითადად საბერძნეთსა და შვეიცარიაში გადის - Palitra News

საქართველოში წარმოებული ნავთობი და ნავთბპროდუქტები ძირითადად საბერძნეთსა და შვეიცარიაში გადის

2024-10-29 13:59:35+04:00

საქართველოში წარმოებული ნავთობი და ნავთბპროდუქტები ძირითადად საბერძნეთსა და შვეიცარიაში გადის. როგორც სტატისტიკა ცხადყოს, საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება იზრდება. მაგალითად, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 39 700 ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება მოხდა, რაც 10%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 8 თვეში, საქართველოში წარმოებული პროდუქტის მოცულობამ 36 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპოვებასთან ერთად იზრდება ქართული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 31 747 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, ანუ რაც აწარმოეს თითქმის სრულად გაიტანეს ექსპორტზე, რომლის ღირებულებამაც 14 მილიონა 786 ათასი დოლარი შეადგინა. როგორც უკვე გითხარით, ყველაზე მეტი ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა საბერძნეთში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. შედარებით მცირე რაოდენობით თურქეთსა და სომხეთში.